კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » ილია

ილია 1



ხმა სამარიდამ

სამართალს ფულითა ვსჭრიდი,

გროშისთვის კაცს გავყიდიდდი

თვთ ძმას ორმოს გავუთხრიდი

და ჩემს ჯიბეს ნელ-ნელ ვზრდიდი;

საზრდოს გლეხსა წავართმევდი,

მშიერს, მწყურვალს დავაგდებდი,

თუ შიმშილით მოკვდებოდა,

მე ის არ დამნანდებოდა.

რაც კი რან ჰქონდა საწყალსა,

ჩემს ჯიბეს აძლევდა ხარჯსა;

ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე,

ისე მოვკვდი, ვერ გავტენე.

II

ობლის ვედრება, ტირილი

ჩემთვის იყო გაუგებრად,

განა ვიყავ მე გულჩვილი?

სხვის ტირილი მიჩნდა მღერად.

წვრილ-შვილნი გლეხთა ქვრივებსა

შიმშილით ეხოცებოდნენ,-

მათაც კი ვსთხოვდი ფულებსა,

როს საქმისთვის მოვიდოდნენ.

ირჩობოდა, კაცს ვხედავდი,

მე შემეძლო მის მორჩენა,-

მის მორჩენას გავბედავდი,

თუ მესმოდა ვერცხლის ბზენა.

III

თუ არა და ხელსა ვკრავდი

და მას წყალში მე ჩავკლავდი,

ბევრსა საქმეს ამის მსგავსსა

მე ვიქმოდი მეტად კარგსა.

სიცოცხლეს კარგად ვიცნობდი

და იმ ცნობით ვსარგებლობდი:

დროზედ სიბრმავე ვიცოდი,

დროზედ თვალის ახილება,

დროზედ სიფიცხით ვიწოდი,

ხანაც ვიცოდი დაზანტება.

IV

გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,

ტუტუცი ნაჩალნიკთანა;

უხმოსთნა ვიყავ ხმიანი

და უსიტყვო ხმიანთანა.

ვინც მე შიშით მიყურებდა-

მას ბრაგა-ბრუგს დავუწყებდი,

და ვინც კი დამიყვირებდა-

მას მე ფეხ-ქვეშ ვუძვრებოდი.

ღმერთმან მომცა მარდი ხელი,

დაუღლელი თავის – დღეში,

მუნით ცურდებოდა ჭრელი

ჩემ გაუმაძღარ ჯიბეში.

V

სულ ჯიბისთვინა ვცდილობდი,

მისთვის კაცსა ტყავს ვაძრობდი:

ეს წყეული ვტენე, ვტენე,

აჰა, მოვკვდი, ვერ გავტენე…

რაღა გითხრათ? ვიყავ კარგი,

ქვეყნისათვის დიდი მარგი.

არც ვიყავ დიდი დიდი, არც მცირე,

ჩემს დღეში ცრუადა ვსწირე;

არც ვიყავ გლეხი, არც ბეგი,

მაშ, რა ვიყავ? მდივანბეგი!

და აწ, მეხი გლეხებისა,

ერთგული ყმა ფულებისა,

მტვრადა ვდევარ სამარესა,

მოდი, ენდე ცრუ სოფელსა!..

შეიბრალეთ ჩემი გვამი!..

თუ ოდესმე ვინმე მნახეთ,

საიქიოს თუა ქრთამი,

გამახარეთ, ჩამომძახეთ.





ხმა გულისა


ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი

ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,

და საიდღამაც ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს

იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;

ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას

და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,

ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;

თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.




ციური ხმები


ციურნი ხმები —

ეგ საკვირვლები,

როს მომესმიან,

მსწრაფლ მომითხრობენ,

საიდამ სრბიან

და სად სცხოვრობენ,

და ნელს სიხარულს

მიგალობებენ.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!

მეც ქვეყნის ხმითა,

ხმით ცოდვილითა,

მათ ვაძლევ ბანსა, —

და მშვიდობასა,

აღტაცებასა

ჰგრძნობს ჩემი გული

და შევჭვრეტ ცასა

განცვიფრებული.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!

ძმის სიკვდილზედ

ვაიმე, ძმაო, ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე!..

მე დავრჩი მარტო, უბედური , შენდა მახვრალი.

არ გამითენდა შენ შემდეგა ვაების ღამე,

მთელი ქვეყანა შემექმნა მე ნგრეულ, ტიალი!..

შენთან დავმარხე, ჩემო თემურ, ყოველიფერი!..

ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ მე ცრემლი მწარე,

სალოცავადა, ძმაო, შენი ობოლი მტერი

და უცხო ქვეყნად მდგომი შენი წმინდა სამარე!..




ჩიტი


ვგალობ და ვგალობ

და იმით ვხარობ,

რომ მე ქვეყანას

გალობით ვატკბობ.

ჩემია წერა:

მღერა და მღერა,

ლხენა, გალობა

თავისუფლება.

ღვთით მოცემული

დიდ არს ქვეყანა,

გახარებული

ვფრინავ ყველგანა.

სადაც კი მინდა,-

გადავფრინდები,

ნიჭი მაქვს წმინდა,

საფრენად ფრთები.

ლურჯსა ჰაერში

ჩავიღუპები,

ფოთლიან ტყეში

დავიბუდები.

ღამეს ვატარებ

ხეზედა ძილით,

დილას ვახარებ

გალობით ტკბილით.

და რა მზე მალვით

თავს შორს ამოჰყოფს,

მის სხივი კრძალვით

ფოთლებს ააშრობს,-

გავიშლი ფრთებსა

გავიჭიმები,

გავიწვდი ფეხსა,

გავიზმორები.

ჯერ შევხედავ ცას

ქვეყნის დამბადავს,

მერეთ მთა და ბარს,

ჩემსა შემნახავს;

მერეთ ჩემს ფრთებსა,

ჩემ საყვარლებსა…

მათის იმედით,

მღერით და ლხენით

მსწრაფლ ისარივით

ცას აღვფრინდები

და შორს ქარივით

თვალ-წინ გავქრები.

მინამ ვარ უფლად

ჩემის თავისა,

მხიარულ სტუმრად

ვარ მაისისა,-

და როს ცდუნებით,

ძალდატანებით,

გალიას ჩამსმენ,

მშვიდობით, ველო,

მაშინ აღარ გსტვენ,

საწყალობელო!

დაღონებული,

ფრთებდაშვებული

დავიწყებ ჭკნობას,

სიკვდილის ხმობას..

და, ველო, შენსა

გამღვიძებელსა

შენს ჩიტს პატარას

მალე ნახავ მკვდარს.

რაი სურს კაცსა,

რომ მიბამს ფრთასა?

თავისუფლება

ჩიტის ჰშურდება?!

ჩემო მკვლელო…

ჩემო მკვლელო! ვიცი, ვიცი,

არ ხარ ისე მშვენიერი,

რომე შენის ერთის ნახვით

განცაცვიფრდეს უქმი ერი;

მაგრამ შენში რაღაცაა,

ის ათრთოლებს ნატვრით გულსა…

ეხლა კი მწამს, რომ ჰქონია

თვისტომობა სულთან სულსა.




ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,

თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია…

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,

მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა…

ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,

ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?




ჩემი თარიარალი


ჰე, ძმანო! ნეტავი ჩვენა,

ჰარიარალი,

დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,

თარიარალი!

მამულისა სიყვარულმა

ძმობა გულში ჩაგვიყენა.

რაგინდ რომ ცარი ღრინავდეს,

ჩვენის სისხლისთვის გრგვინავდეს,

ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცარი

თუ გულში ძმობა ბრწყინავდეს.

მინდა ვსთქვა, კალამი მამე,

ცენსორო, დასტური დამე,

მონება კაცთ არ შეშვენის,

ქრისტეა ამის მოწამე.

ცარმა რა ერთხელ ინება

მორჭმულ კაცის დამონება,

თვის სხეული კერპად დასვა,

სული ეშმაკთ მიანება.

ჰე, ძმანო! ჩვენ მას განვშორდეთ,

ჩვენ ჩვენ მამულს ვეპატრონეთ;

ქართველს ვაჩვენოთ ქართვლობა,

მერე თუნდა დავიხოცნეთ.

თუ ერთობა ჩვენ გვექნება,

მტერი წინ ვით დაგვიდგება;

ჩვენგანი ქართვლის დამთრგუნველს

ან მოჰკლავს, ან შეაკვდება.

თუ ჩვენში ძმობა იქნება,

საქმე არსად წაგვიხდება,

აგრე თვით დიდი ეზოპი

თავის ზღაპრით მემოწმება.

ჰე, ძმანო, ვიყვეთ ერთ ბედით,

წინა წავიდეთ გაბედვით,

ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს

თვისის ბრმა წინასწარ ხედვით.

დავეხსნათ ჩინის ძებნასა,

ემაგ ფუჭსა დიდებასა;

ჩინოვნიკი სულ ძილს ფიქრობს,

და ჩვენ კი გამარჯვებასა.

ვემსხვერპლოთ ქრისტისა მცნებასა,

ვაშოროთ ქართლი მონებას;

ქართვლის უბრალო მადლობა

გვერჩივნოს ყოველ დიდებას.

ჰე, ძმანო! თქვენც მეთანხმებით

ამგვარის აზრის ხსენებით,

სიბრიყვის კარი გავტეხოთ

მონარქთა გამოჯავრებით.

ამა სოფლისა ცხოვრება

განყოფით არ იპოვება,

ვინც ძმობით არა ყოფილან,

მათ მოხვედრიათ მონება.

მაშ მოდით ისევ ძმობითა,

დრო გავატაროთ შრომითა,

მამულს სიცოცხლე შევწიროთ

შვილურის ერთგულებითა.

თუ დავესწრათ გაზაფხულსა

ჩვენგან ნათესს, აღმოსულსა,

მეტი ჯილდო რაღად გვინდა,

თუ ვსჭვრეტთ მამულს გაფურჩქვნილსა.

ჰე, ძმანო! ეგ ჩვენ რომ ვნახოთ,

თუნდ სამოთხე მით დავკარგოთ,

მხიარულების სიმღერა

თვით ჯოჯოხეთს შემოვძახოთ.

ქართვლის ქვეყნისა ვართ შვილნი,

ქართვლის ძუძუთი გაზრდილნი.

მაშ, მოდით, ქართველნო, ძმობით,

ჰარიარალი,

ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით,

თარიარალი!




ყვარლის მთებს


სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,

მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:

თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,

თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!

მახსოვს, ყმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,

როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა…

იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,

იგი არ იყო ძვრა გულისა მფრთხალი და მხდალი.

მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს

და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;

სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა.

სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლვასა,

სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,

თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, —

იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,

ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.

ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა,

ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,

რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.

როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,

ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,

ვითა ფოთოლი — ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,

იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.

თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,

აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება

თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,

გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.

როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს

სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ-წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,

თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,

როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს…

და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა

ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..

რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,

და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,

მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა

და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!

ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,

ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს…

აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა… თქვენსა მწვერვალსა 

ძლივს ვარჩევ… წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.

ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს

და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..

თქვენნი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას

აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..

მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა…
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,

და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.




სახლ-მუზეუმი საგურამოში

ილია ჭავჭავაძის (1837-1907) სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს:
საცხოვრებელ სახლს
დამხმარე ნაგებობებს
ჭავჭავაძისეულ მამულსა და ბაღ-ვენახს

მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის პირადი ნივთები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართველ მოღვაწეთა ფოტოპორტრეტები, ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მე-19 ს-ის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი.
სახლ-მუზეუმში ასევე დაცულია ქართველი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.


 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კატეგორია: ილია | დაამატა: ciklopi (11.აპრ.2013)
ნანახია: 2025
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017