კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » გალაკტიონი

გალაკტიონი


უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვიშ უკვდავება,
ჩვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ.


მესმის შრიალი იდუმალ ძალთა

მესმის შრიალი იდუმალ ძალთა
და მოდის მთვარე, ასე ბებერი.
და ორთქლმავალი კივის ვაგზალთან,
უკვე დაიძრა მატარებელი.

ეს თეთრი ღამე მე ისევ მიყვარს,
ღამეა თეთრი და ძილი არ მსურს.
და მატარებელს უთუოდ მიჰყავს
ქალი, რომელიც იგონებს წარსულს.

გაიხსნა თეთრი ფიქრების რკალი
და მოგონების წამები ჰქრიან.
და მატარებელს მწუხარე ქალის
თეთრი ხელები თოვლივით მიაქვს.

ეს ღამე, ეს ცა მე ისევ მიყვარს,
იქ დუმილია შორეულ ბაღის.
და მატარებელს უთუოდ მიჰყავს
უცნობი ქალი, სევდიან სახით.

და ელავს მთვარე, ასე ბებერი,
და იდუმალი წამები ჰქრიან.
მიდის საჩქარო მატარებელი
და განშორების დარდები მიაქვს.



ცეცხლი, მახვილი

ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი,
დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი,
და ამბობს ყველას გასაგონად: მსოფლიო წყნარად!
შენი წარსული, სენი აწყო იქცა არარად.
და დახარხარებს შენს ნანგრევებს: ცეცხლი, მახვილი..
ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი.

ქალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება,
როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია!
მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამოქანება
და დაწყნარდება,თითქოს ლურჯი აბრეშუმია.

ქანაობს გემი,მიჩვეული გრიგალით თრობას,
ო,ეს დუმილი,დაყდნობილი ანძების თავზე,
ამ ბნელი ღამით ემუქრება კაცობრიობას,
ძველს,დახავსებულს ემუქრება სიახლით სავსე.



* * *

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.



ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.

თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.



* * *

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ახლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი.



თოვლის მხარე

თოვლის მხარე,
ნისლიანი მთა და ბარი.
მოვიმხარი მისი გზები,
სიცივე და მღვრიე დარი...

ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი,
მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი,
ტრიალებდა, როგორც ფარი,
შემოდგომის ჩქარი ქარი...

მეფის კარი,
ნანგრევები, ნატახტარი...
მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის
ამირბარი, სპასალარი.

აქეთ ქუჩა, იქით ჯარი
და დროშები გარი-გარი...
ისევ ქარი... მოდის მტერი, -
იკეცება ალყათ ჯარი.

ცხენზე მცდარი
მწარედ ჰკივის მეომარი.
კანონადა მშობლიური
და ღრუბელი შავად მდგარი .

ისევ ქარი, მძაფრი ქარი,
თქეში, მთელი ნიაგარი!
სული ძლიერ აფეთქების
და სიცივე ჯადოქარი.

ისევ მძიმე პეტერბურგი
და ამინდი ბობოქარი...
მღვრიე ქარი!

 2  3  4  5  6  7



კატეგორია: გალაკტიონი | დაამატა: ciklopi (09.აპრ.2013)
ნანახია: 1296
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017