1 | გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. | 1 | დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა |
2 | აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა. | 2 | აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა. |
3 | ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე. | 3 | შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე. |
4 | წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით. | 4 | შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, |
5 | და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი. | 5 | შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი. |
6 | შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს. | 6 | ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი. |
7 | ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა. | 7 | საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა. |
8 | შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს. | 8 | შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა. |
9 | მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ. | 9 | მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ. |
10 | მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული. | 10 | ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად. |
11 | მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა. | 11 | ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა; |
12 | და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას. | 12 | და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას |
13 | და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი. | 13 | და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი. |
14 | მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი. | 14 | ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს |
15 | მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან. | 15 | და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. |
16 | მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში. | 16 | მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა. |
17 | შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე. | 17 | მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა. |
18 | გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე. | 18 | მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |