კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » იოანეს სახარება

იოანეს სახარება 1-4




იოანე 1
სიტყვა გახდა ხორცი
1 დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. 3ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. 4 მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. 
იყო კაცი, მოვლინებული ღვთისაგან; სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. 9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს. 10 იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი. 11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. 12 ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. 13 ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან.
14 სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა. 15 იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: ,,ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. 16 მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. 17 ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრსიტეს მიერ იქმნა." 18 ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდოშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.

 იოანე ნათლისმცემლის მოწმობა
19
 აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავენს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: ,,ვინ ხარ შენ?" 20 მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: ,,მე არა ვარ ქრისტე." 21 და ჰკითხა მას კვლავ: ,,მაშ ვინ ხარ? ელია ხარ?" აბობს: ,,არა ვარ." ,,წინასწარმეტყველი ხარ?" მიუგებს: ,,არა." 22 მაშინ უთხრეს მას: ,,ვინა ხარ, რომ პასუხი გაგცეთ ჩვენს წარმოგზავნელთ: რას იტყვი შენზე?" 23 თქვა: ,,მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა." 24 წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ. 25 და ჰკითხეს მას და უთხრეს: ,,აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყელი?" 26 მიუგო მათ იოანემ და უთხრა: ,,მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. 27 ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხნის ღირსიც არა ვარ." 28 ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.

 ღვთის კრავი 
29
 მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: ,,აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.30ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემს უწინ იყო-მეთქი. 31მე არ ვინცობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს." 32 მოწმობდა იოანე და ამბობდა: ,,მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. 33 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: 'ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმინდით ნათლისმცემელი.' 34 მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა."

 პირველი მოწაფეები
35
 მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. 36 დაინახა მომავალი იესო და თქვა: ,,აჰა, ღვთის კრავი." 37 ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა მას. 38 იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: ,,რას ეძებთ?" მათ უთხრეს: ,,რაბი (რაც თარგმნით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?" 39 ეუბნება მათ: ,,წამოდი და ნახავთ". წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი. 40 ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი. 41 მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: ,,ჩვენ ვიპოვეთ მესია" (რაც თაგმნით ნიშნავვს ქრისტეს). 42 მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: ,,შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს).

 ფილიპესა და ნათანაელის მოხმობა
43
 მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ: ,,გამომყევი." 44 ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. 45 ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: ,,ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან." 46 უთხრა მას ნათანაელმა: ,,ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?" უთხრა მას ფილიპებ: ,,წამოდი და ნახე." 47 იესომ რომ დაიანახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: ,,აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა." 48ეუბნება მას ნათანაელი: ,,საიდან მიცნობ?" მიუგო იესომ და უთხრა: ,,ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეს დაგინახე." 49 მიუგო მას ნათანაელმა: ,,რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა." 50 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეს დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ." 51 ეუბნება მას: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუებნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ."



 ქორწილი კანაში

1 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: ,,ღვინო აღარა აქვთ." 4 ეუბნება მას იესო: ,,რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი არ დამდგარა." ეუბნება დედამისი მსახურებს: ,,გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით." იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. ეუბნება მათ იესო: ,,დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები." და მათაც დაასვეს პირთამდე. და ეუბნება მათ: ,,ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!" და მიართვეს. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს 10 და ეუბნება მას: ,,ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს." 11 ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. 12 ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს.

 ტაძრის განწმედა
13 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალმს. 14 ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი. 15 გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, კერმის გადამცვლელებს კერმა დაუბნია და დახლები აუყირავა. 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: ,,გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად." 17 გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: ,,შენი სახლის შური შემჭამს მე." 18 მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: ,,რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?" 19 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას." 20 უთხრეს იუდეველებმა: ,,ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა შენ სამ დღეში აღადგენ მას?" 21 ის კი თავის სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. 22 როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.

 იესო ყველას იცნობს
23
 ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. 24 თვითონ იესო არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა. 25 არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში.


 იესო და ნიკოდემოსი
1 იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: ,,რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის." მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს." ეუბნება მას ნიკოდემოსი: ,,როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია?  ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი. 8 ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი." ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: ,,როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" 10 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? 11 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. 12 თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ? 13 არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია. 14 როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა. 15 რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
   16 რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 17 რადგან იმისათვის კი არ მოავლინა ღმერთა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. 18 ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. 19 განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20 ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. 21 ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.

 იესო და იოანე ნათლისმცემელი
22
 ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა. 23იოანე კი ნათლავდა ენონში, სალამის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ. 24 ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. 25 მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველბს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო. 26 მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: ,,რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან."  27 მიუგო იოანემ და თქვა: ,,ადამიანს არაფერის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული. 28 თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ. 29 ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. 30ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმციდრდებოდე.

 ციდან მომავალი ყველაზე მაღლაა
31 
მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს, ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. 32 რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს. 33 ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა რომ ღმერთი ჭეშმარიტია. 34 რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს. 35 მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ. 36 ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე."


 იესო და სამარიელი დედაკაცი
1 როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ქონდათ, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები), 3 დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. მას სამარიაზე უნდა გაევლო. 5 მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს. ეს იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა, ასე ექვსი საათი იქნებოდა.
 7 მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: ,,წყალი დამალევინე,"  რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად. 9 ეუბნებმა მას სამარიელი: როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?" (რადგან  იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.) 10 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყლას." 11 ეუბნება მას ქალი: ,,ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? 12 ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?" 13 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება. 14 ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს." 15 ეუბნება მას ქალი: ,,ბატონო, მომეცი ის წყალი ,რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ."
 16 ეუბნება მას: ,,წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ." 17 მიუგო ქალმა და უთხრა: ,,მე არ მყავს ქმარი." ეუბნება მას იესო: ,,მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, 18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი." 19 ეუბნება მას ქალი: ,,ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20 ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს." 21 ეუბნება მას იესო: ,,ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. 22თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. 23 მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. 24 ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცელენი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით." 25 ეუბნება მას ქალი: ,,ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს." 26 ეუბნება მას იესო: ,,მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება."
  27 ამ დროს მივიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას. 28 დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს: 29 ,,წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?" 30 გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ.
  31 ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: ,,რაბი, ჭამე!" 32 მან უთხრა მათ: ,,მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით." 33 ამიტომ მოწაფეება ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ,,ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?" 34ეუბნება მათ იესო: ,,ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრული მისი საქმე. 35 განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36 მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნე სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. 37 ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო. 38 მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით."
 39 ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით რომელიც ამოწმებდა. ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.  40 ამიტომ, როცა მივიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ. 41 კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით. 42 ქალს უთხრეს: ,,უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის სოფლის მხსნელი."

 მეფისკაცის ვაჟის განკურნება
43 და ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეაში წავიდა. 44 (რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი). 45 როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.  
46 იესო კვლავ მოვიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფისკაცი, რომელსაც ძე ჰყავდა ავად კაპერნაუმში. 47 მან გაიგო, რომ იესო იუდეიდან გალილეაში მოსულიყო; მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისის ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48 უთხრა იესომ მას: ,,თუ ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ, ისე არა გწამთ." 49 ეუბნება მას მეფისკაცი: ,,უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ძე არ მომკვდარა." 50 ეუბნება მას იესო: ,,წადი, ცოცხალია შენი ძე." ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას და წავიდა. 51 შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს: ,,ცოცხალია  შენი ძე."  52 ჰკითხა მათ, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს: ,,გუშინ, მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ." 53 ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის დრო იყო, როცა იესომ უთხრა: ცოცხალიაო შენი ძე. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა. 54  ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა. 


გაგრძელება




კატეგორია: იოანეს სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 4511
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024