1 | იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება. | 1 | იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ. |
2 | ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას. | 2 | აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას. |
3 | უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით. | 3 | აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა. |
4 | რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია. | 4 | რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან; |
5 | უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა. | 5 | უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ. |
6 | უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო. | 6 | სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი. |
7 | შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები. | 7 | შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა. |
8 | ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა. | 8 | ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი. |
9 | რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს. | 9 | რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს. |
10 | უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს. | 10 | უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი; |
11 | აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი. | 11 | ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე. |
12 | ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული. | 12 | ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად. |
13 | ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს. | 13 | ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი; |
14 | თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს. | 14 | განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა, |
15 | მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს. | 15 | რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი. |
16 | მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა. | 16 | არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა. |
17 | უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის. | 17 | ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს. |
18 | აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის; | 18 | აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა, |
19 | რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს. | 19 | ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა. |
20 | ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი. | 20 | ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა; |
21 | რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს. | 21 | რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ. |
22 | იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს. | 22 | იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ. |