1 | ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი. | 1 | აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. |
2 | ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება? | 2 | ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? |
3 | ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს. | 3 | ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. |
4 | გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით. | 4 | მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა, |
5 | რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. | 5 | რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა. |
6 | შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. | 6 | ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ. |
7 | ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. | 7 | მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა. |
8 | მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი. | 8 | და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი; |
9 | და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. | 9 | და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; |
10 | და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან. | 10 | და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა; |
11 | წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა. | 11 | და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა. |
12 | და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება. | 12 | და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა მისსა. |
13 | აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას. | 13 | ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა. |
14 | და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას. | 14 | და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა. |
15 | და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს. | 15 | და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა. |
16 | და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ. | 16 | და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ. |
17 | გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა. | 17 | განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი აბირონისი; |
18 | და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს. | 18 | და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი. |
19 | გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს. | 19 | და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას; |
20 | და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში. | 20 | და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის თივისმჭამელისა. |
21 | დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში. | 21 | და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა, |
22 | საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე. | 22 | საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა. |
23 | დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი. | 23 | და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი. |
24 | მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი. | 24 | და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა; |
25 | დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას. | 25 | დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ. |
26 | მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში; | 26 | და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა |
27 | და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში. | 27 | და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის. |
28 | დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი. | 28 | და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა. |
29 | განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი. | 29 | და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემა. |
30 | წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი. | 30 | და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა; |
31 | ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ. | 31 | და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე მიუკუნისამდე. |
32 | გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო. | 32 | და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს, |
33 | რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით. | 33 | რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა. |
34 | არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ. | 34 | და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან. |
35 | აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები. | 35 | და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; |
36 | ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის. | 36 | და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ; |
37 | შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს. | 37 | და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა. |
38 | დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით. | 38 | და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა |
39 | შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით. | 39 | და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა. |
40 | მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი. | 40 | და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი; |
41 | და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი. | 41 | და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი; |
42 | ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. | 42 | და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა. |
43 | მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით. | 43 | მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა. |
44 | იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი. | 44 | და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისა; |
45 | გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით. | 45 | და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა; |
46 | აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე. | 46 | და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა. |
47 | გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით. | 47 | მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ ქებულებითა შენითა. |
48 | კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი! | 48 | კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება |