1 | დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი. | 1 | აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. |
2 | ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას. | 2 | აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, |
3 | ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. | 3 | რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი; |
4 | საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; | 4 | რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; |
5 | სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. | 5 | რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. |
6 | სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის. | 6 | ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა. |
7 | აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი. | 7 | აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი. |
8 | შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. | 8 | შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. |
9 | არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. | 9 | არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს; |
10 | არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. | 10 | არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. |
11 | რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. | 11 | რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა; |
12 | როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. | 12 | რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი. |
13 | როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. | 13 | ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. |
14 | რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ. | 14 | რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ. |
15 | ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. | 15 | კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს; |
16 | ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს. | 16 | რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი. |
17 | ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე, | 17 | ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, |
18 | ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც. | 18 | რომელთა დაიმარხიან აღთქმა მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. |
19 | უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. | 19 | უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების. |
20 | ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. | 20 | აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა. |
21 | ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. | 21 | აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა. |
22 | ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი. | 22 | აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება |