1 | გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. | 1 | დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ასაფისი ფსალმუნი |
2 | უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს. | 2 | უგალობდეთ ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებით ღმრთისა იაკობისა. |
3 | ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად. | 3 | აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა |
4 | დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს. | 4 | დაჰბერეთ ახლის თჳსთავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა. |
5 | რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა. | 5 | რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაჱლისა და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი. |
6 | დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე. | 6 | წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა; |
7 | მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ. | 7 | განაშორნა ტჳრთსა ბჭენი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა. |
8 | გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა. | 8 | ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. |
9 | ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ. | 9 | ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაჱლო, ისმინო თუ ჩემი, |
10 | არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს. | 10 | არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთო, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა. |
11 | მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას. | 11 | რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. |
12 | არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა. | 12 | და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისა და ისრაჱლი მე არა მერჩდა. |
13 | და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე. | 13 | და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. |
14 | ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო. | 14 | უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო, |
15 | მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი. | 15 | ვითარცა არა რაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი. |
16 | უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო. | 16 | მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყო ჟამი მათი საუკუნოდ. |
17 | გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი. | 17 | და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდება. |