1 | შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს. | 1 | ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთა და პირველ წარტყუენულთა მათთჳს, წარუწერელი ებრაელთა შორის |
2 | შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე. | 2 | შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. |
3 | იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ. | 3 | მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. |
4 | ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან. | 4 | ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან უსჯულოსათა და ცრუსათა; |
5 | რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე. | 5 | რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან. |
6 | შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ. | 6 | შენდამი განვმტკიცენ საშოთაგან, დედისმუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის. |
7 | საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი. | 7 | ვითარცა სასწაულ ვექმენ მე მრავალთა, შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. |
8 | ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად. | 8 | აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. |
9 | ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ. | 9 | ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა. და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. |
10 | რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა. | 10 | რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და, რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად. |
11 | და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი. | 11 | და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა. |
12 | ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე. | 12 | ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. |
13 | დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები. | 13 | ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს. |
14 | ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას; | 14 | ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. |
15 | ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი. | 15 | პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისა. |
16 | შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას. | 16 | შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო სიმართლე შენი მხოლოჲსა. |
17 | ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე. | 17 | ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა. |
18 | ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს. | 18 | და მიმჴცოვნებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა; |
19 | ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი? | 19 | ძლიერებაჲ შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? |
20 | შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ. | 20 | რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე. |
21 | შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად. | 21 | განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე. |
22 | მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა. | 22 | და რამეთუ მეცა აღგიარო შენ, ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისათა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაჱლისაო. |
23 | იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი. | 23 | იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იჴსენ. |
24 | ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი. | 24 | უფროს და ენაცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა.
|