1 | გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი. | 1 | დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა |
2 | აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან. | 2 | აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. |
3 | როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან. | 3 | ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. |
4 | ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ. | 4 | და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა. |
5 | აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე. | 5 | აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. |
6 | მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია, | 6 | შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. |
7 | ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან. | 7 | ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა. |
8 | ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში,სელა, | 8 | ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ |
9 | დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა. | 9 | ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა. |
10 | ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ. | 10 | წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. |
11 | შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო. | 11 | და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. |
12 | უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა. | 12 | უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. |
13 | ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს. | 13 | მეუფჱ ძალთა საყუარელისა; შუენიერებითა სახლისათა განყოფად ნატყუენავისა. |
14 | თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს. | 14 | უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილ, და ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსათა. |
15 | როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას. | 15 | რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. |
16 | მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა. | 16 | მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი. |
17 | რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ? | 17 | რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად. |
18 | ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში. | 18 | ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. |
19 | შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა. | 19 | აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ. |
20 | კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი.სელა. | 20 | უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან; |
21 | ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები. | 21 | ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი. |
22 | მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს. | 22 | ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა. |
23 | თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან, | 23 | თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა; |
24 | რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას; | 24 | რათა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი _ მტერთაგან მის მიერ. |
25 | ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა, | 25 | გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. |
26 | წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი, | 26 | იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. |
27 | კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა. | 27 | ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა. |
28 | იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა. | 28 | მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდასნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. |
29 | შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის. | 29 | ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. |
30 | შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები. | 30 | ტაძრით შენით იერუსალჱმით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი. |
31 | შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით. | 31 | შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთა დიაკეულთა შორის. ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლა. |
32 | მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს. | 32 | მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა. |
33 | ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა | 33 | მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. |
34 | ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას. | 34 | რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა, მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისა. |
35 | მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში. | 35 | მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაჱლსა ზედა დიდ არს შუენიერებაჲ მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. |
36 | საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
| 36 | საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაჱლისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი. დიდება
|