1 | გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. | 1 | დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს |
2 | ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში. | 2 | ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა. |
3 | შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე. | 3 | ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი. |
4 | ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე. | 4 | რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. |
5 | შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს. | 5 | შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი. |
6 | შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ. | 6 | შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. |
7 | რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის. | 7 | რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე. |
8 | არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ. | 8 | რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე. |
9 | ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე.სელა. | 9 | ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე. |
10 | მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან. | 10 | ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა. |
11 | უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ. | 11 | მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. |
12 | მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის. | 12 | მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ. |
13 | გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე. | 13 | მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისა. |
14 | მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ. | 14 | მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა. |
15 | იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის. | 15 | მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის. |
16 | ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს | 16 | მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს |
17 | შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან. | 17 | და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. |
18 | ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა. | 18 | ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი |
19 | არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან. | 19 | და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. |
20 | როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი. | 20 | რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან. |
21 | ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის, | 21 | უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა, |
22 | განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა. | 22 | არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლო გულისა. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. |
23 | ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად. | | |
24 | გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ. | 23 | განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად. |
25 | რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას? | 24 | რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა? |
26 | რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი. | 25 | რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი. |
27 | აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის. | 26 | აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს. |