საბანელთან კანკურნება 1 ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს. 2 იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს. 3 იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, 4 რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყლას. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. 5 აქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტაჯნებოდა თავისი სენით. 6 იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: ,,გინდა, განიკურნო?" 7 მიუგა მას სნეულმა: ,,უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს." 8 ეუბნება მას იესო: ,,ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე." 9 და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავის სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო. 10 უთხრეს იუდეველმა განკურნებულს: ,,დღეს შაბათია, ნება არა გვაქვს სარეცლის აღებისა." 11 მან მიუგო მათ: ,,ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო." 12 ჰკითხეთ მას: ,,ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?" 13 განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილას მყოფ ბრბოს შეერია. 14 ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: ,,აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს." 15 ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განმკურნებელი.16 იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. 17 იესომ მიუგო მათ: ,,მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ." 18 ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მადლად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
კაცის ძის ხელმწიფება 19 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. 20 რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდი საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ. 21 რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს. 22 რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა, 23 რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს. 24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვა არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. 25 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ. 26 რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27 სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი. 28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. 29 კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ სიავის მოქმედნი კი — განკითხვის აღდგმოსითვის. 30 ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რაგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
მოწმობანი იესოზე 31 თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი. 32 სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე. 33 თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება. 34 თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. 35 იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში. 36 მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა. 37 და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი. 38 მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა. 39 იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. 40 თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ. 41 დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან, 42 მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში. 43 მე მოვედი მამაჩემის სახელით და არა მღებულობთ, სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ. 44 როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორესაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ? 45 ნუ გგონიათ, რომ მამის წინაშე მე დაგდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ. 46 რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა. 47 ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვას?"
ხუთი ათასი კაცის გაძღება 1 ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა. 2 უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. 3 ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4 ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. 5 იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: ,,სად ვიყიდოთ პური? ამათ რომ ვაჭამოთ?" 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა. 7 მიუგო მას ფილიპემ: ,,ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოდაოდენი მაინც ერგოს." 8 ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა: 9 ,,აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?" 10 თქვა იესომ: ,,უთხარით ხალხს, დასხდნენ." ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა. 11 აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. 12 როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს." 13 მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. 14 მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ,,ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეეტყველი, რომელიც სოფელში უნდა მოსულიყო." 15 იესომ იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად, რათა გაემეფებინათ იგი, და კვლავ განმარტოვდა მთაზე.
ფეხით სიარული წყალზე 16 როცა მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვაზე. 17 ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ჩამობნელებული იყო, იესო კი ჯერაც არ მოსულიყო მათთან. 18 ძლიერმა ქარმა დაუბერა და ზღვა აღელვდა. 19 ოცდახუთ თუ ოცდაათ სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ." 20 ის კი ეუბნება მათ: ,,მე ვარ, ნუ გეშინიათ." 21 უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი: და ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადაც მიდიოდნენ.
იესო — პური სიცოცხლისა 22 მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. 23 სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. 24 როცა დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად. 25 და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: ,,რაბი, როდის მოხვედი აქ?" 26მიუგო იესომ და უთხრა: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედი იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27 ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისაჯრეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა." 28 უთხრა მას: ,,როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?" 29მიუგო იესომ და უთხრა: ,,ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა." 30 უთხრეს მას: ,,რა ნიშნავს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ, რას მოიმოქმედებ? 31 ჩვენ მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: 'პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.'" 32 უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. 33რადგან პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს." 34 უთხრეს მას: ,,უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური." 35 უთხრა მათ იესომ: ,,მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსველს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება. 36 მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ. 37 ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. 38 რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. 39 ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40 ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს." 41 იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა: ,,მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული." 42 თქვეს: ,,ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციან ჩამოვედიო?" 43 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. 44 არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45 წინასწარმეტყველებს უწერიათ: 'ყველა განისწავლება ღვთის მიერ.' ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. 46 ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთსგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა. 47 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. 48 მე ვარ პური სიცოცხლისა. 49 თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. 50 ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. 51 მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ." 52 იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთის და ამბობდნენ: ,,როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად." 53 უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თვენში. 54 ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. 55 რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. 56 ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, და მე — მასში. 57როგორც მე მომავალინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში. 58 ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მინანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს." 59 ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
მარადიული სიცოცხლის სიტყვები 60 ბევრი მისი მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: ,,მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა." 61 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: ,,ეს გაცდუნებთ თქვენ? 62 თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო? 63 სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა. 64 მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ." რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65 და თქვა: ,,ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ იქნება მიცემული." 66 ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისვედა მას. 67 მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: ,,თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?" 68 მიუგო მას სიმონ-პეტრემ: ,,უფალო , ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69 ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა." 70 მიუგო მათ იესომ: ,,თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია." 71 თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკაროიტელზე, რადგან, ერთ თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.
იესოს ძმების ურწმუნობა 1 ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ. 2 ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა. 3 უთხრა მას მისმა ძმებმა: ,,წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, 4 რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს." 5რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. 6 ეუბნება მათ იესო: ,,ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია. 7 სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. 8 თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა." 9 ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში.
იესო კარვობის დღესასწაულზე 10 მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად. 11 იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? 12 ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო. 13 ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ. 14 უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. 15 გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო? 16 მიუგო მათ იესომ და თქვა: ,,ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. 17 ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ — ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18 ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს მამის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. 19 განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?" 20 მიუგო ხალხმა: ,,ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?" 21 მიუგო მას იესომ და უთხრა მათ: ,,ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. 22 მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისაგანაა — და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. 23 თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს? 24 ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ."
ეს არის ქრისტე? 25 თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: ,,ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ? 26 აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვლილად ქრისტეა? 27 მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის." 28 შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: ,,მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. 29 მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა. 30 ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო. 31 ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: ,,როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?"
მსახურთა გაგზავნა იესოს შესაპყრობად 32 მოისმინეს ფარისევლება ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა. 33 თქვა იესომ: ,,მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან. 34 ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ." 35 უთხრეს ერთმანეთს უდეველებმა: ,,სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავალს? 36 ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?"
ცოცხალი წყლის მდინარეები 37 დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: ,,თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შეშვას; 38 ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილები ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები." 39ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.
განხეთქილება ხალხში 40 ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: ,,ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია." 41 სხვებმა თქვეს: ,,ეს ქრისტეა." სხვები ამბობდნენ: ,,განა გალილეიდან მოვა ქრისტე? 42 განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, მეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო." 43 და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო. 44 ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
ხელისუფალთა ურწმუნოება 45 მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და უთხრეს: ,,რატომ არ მოიყვანეთ იგი?" 46 მიუგეს მსახურებმა: ,,არასოდეს კაცის ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს." 47 მიუგეს მათ ფარისევლებმა: ,,ნუთუ თქვენც გაცდუნათ? 48 ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? 49 მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია." 50 ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო: 51 ,,განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?" 52 მიუგეს და უთხრეს მას: ,,შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება." 53 ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.
რებული ქალი 1 იესო წავიდა ზეთისხილის მთისაკენ. 2 დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ. 3 მოიყვანეს მწიგნობარებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. 4 ეუბნება მას: ,,მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. 5 მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი? 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალმდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. 7 რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: ,,ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!" 8 კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. 9 ეს რომ მოისმინეს, უცუხესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. 10 წამოიმართა იესომ ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: ,,ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?" 11 უთხრა მან: ,,არავინ, უფალო!" უთხრა იესომ: ,,არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ."
იესო — ნათელი სოფლისა 12 კვლა ელაპარაკა მათ იესო და უთხრა: ,,მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას." 13 უთხრეს მას ფარისევლებმა: ,,შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი." 14 მიუგო იესომ და უთხრა: ,,მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. 15 თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ. 16 მე თუ განვიკითხავ, ჩემეული განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი." 17 თქვენს რჯულში სწერია, რომ ორი ადმიანის მოწმობა ჭეშმარიტია. 18 მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი. 19უთხრეს მას: ,,სად არის შენი მამა?" უთხრა მათ იესომ: ,,არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობოდათ." 20 ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი ჟამი.
სადაც მე წავალ, თქვენ ვერ მოხვალთ 21 კვლავ უთხრა მათ იესომ: ,,მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ." 22 თქვეს იუდეველებმა: ,,თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?" 23 უთხრა მათ: ,,თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ სოფლისანი ხართ, მე კი სოფლისა არა ვარ. 24 ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით." 25 უთხეს მას: ,,ვინ ხარ შენ?" უთხრა მათ იესომ: ,,თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ: 26 ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და განსაკითხველი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ სოფელზე." 27 ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ. 28 უთხრა მათ იესომ: ,,როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. 29 ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი." 30 როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ 31 უთხრა იესომ იმ უდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: ,,თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ." 33 მიუგეს მას: ,,ჩვენ აბრაამის შთამომავლანი ვართ და არასოდეს არავის მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თაფისუფლები გახდებითო?" 34 მიუგო მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. 35 მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ. 36 თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. 37 ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38 მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ."
თქვენ ეშმაკის ძენი ხართ 39 მიუგეს და უთხრეს მას: ,,ჩვენ მამა აბრაამია!" უთხრა მათ იესომ: ,,თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. 40 ახლა კი ჩემს მოვკლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. 41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ." უთხრეს მას: ,,ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთ მამა გვყავს — ღმერთი." 42 უთხრა მათ იესომ: ,,ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისაგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43 რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა. 44 თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. 45 ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი. 46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47 ვინც ღვთისაგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არ ხართ."
ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვარ 48 მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: ,,განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?" 49 მიუგო იესომ: ,,ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე. 50თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი. 51 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე." 52 უთხრეს მას იუდეველებმა: ,,ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწრმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე. 53 განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდიხარ, რომელიც მოვკდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?" 54 მიუგო იესომ: ,,მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. 55 თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას. 56 აბრაამს, მამათქვენს უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა." 57 უთხრეს მას იუდეველებმა: ,,ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?" 58 უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ,,სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ." 59 მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფერა და გავიდა ტაძრიდან.
|