კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » იოანეს სახარება

იოანეს სახარება 9-12


 ბრმადშობილის განკურნება                         
1 მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: ,,რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?" მიუგო იესომ: ,,არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. 5 სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ." ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.

 იესო  მწყემსი კეთილი 
უთხრა მას: ,,წადი და მოიბანე სილოამის საბანელში" (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: ,,ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?" ერთნი ამბობდნე: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო. 10 მაშინ უთხრეს მას: ,,როგორ აგეხილა თვალები?" 11 მიუგო მან: ,,კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: 'წადი სილოამს და მოიბანე.' წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები." 12 და უთხრეს მას: ,,სადაა იგი?" ამბობს: ,,არ ვიცი."

 ფარისეველნი იძიებენ განკურნების ამბავს
13 
მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო. 14 შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. 15 კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: ,,ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ." 16 თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: ,,ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს." სხვებმა კი თქვეს: ,,როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?" და იყო მათ შორის განხეთქილება. 17 კვლავ ეუბნებიან ბრმას: ,,შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?" მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი. 18 არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. 19 და ჰკითხეს მათ: ,,ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?" 20 მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: ,,ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, 21 მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე." 22 ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. 23 ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო.
   24 მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: ,,მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი." 25 მიუგო მან: ,,არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ." 26 კვლავ უთხრეს მას: ,,რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?" 27 მიუგო მათ: ,,მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებათ გახდომა გსურთ?" 28 მათ გალანძღეს იგი და თქვეს: ,,შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. 29 ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი." 30 მიუგო კაცმა და უთხრა მათ: ,,საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა. 31 ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს. 32 დასაბამიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს. 33 ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა. 34 მიუგეს და უთხრეს მას: ,,შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?" და გარეთ გააგდეს იგი.

 სულიერი სიბრმავე
35 
გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: ,,შენ გწამს ძე კაცისა?" 36 მიუგო მან და თქვა: ,,ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?" 37 უთხრა იესომ: ,,შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა." 38 მან თქვა: ,,მწამს, უფალო." და თაყვანი სცა მას. 39 და თქვა იესომ: განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ."
   40 გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: ,,ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?" 41 უთხრა მათ იესომ: ,,ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოვდა გრჩებათ."


 სამწყსოს იგავი
1 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი. 2 ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს." ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

 იესო — მწყემსი კეთილი
კვლავ უთხრა იესომ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კაცი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა გამოვა და ჰპოვებს საძოვარს. 10 ,,ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისათვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. 12 მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. 13 მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.  14 მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, 15როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.  16 მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთ მწყემსი. 17 იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. 18 ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითნ ვდებ მას, მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული."
    19 ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. 20 თქვა ბევრმა მათგანმა: ,,ეშმაკეულია იგი და შეშლილი, რისთვის უსმენთ მას?" 21 სხვებმა თქვეს: ,,ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?"

 იუდეველთაგან უარყოფა
22 
მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. 23 და მიდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში. 24 შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: ,,როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად." 25 მიუგო მათ იესომ: ,,გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!  26 მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით. 27 ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მოყვებიან. 28 მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.  29 ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტეცებს მათ ჩემი მამის ხელიდან. 30 მე და მამა ერთი ვართ."
    31 კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად. 32 მიუგო მათ იესომ: ,,ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?" 33 მიუგეს მას იუდეველებმა: ,,კეთილი საქმისათივს კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს." 34 მიუგო მათ იესომ: ,,განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ 'მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?' 35 თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, 36 მას, რომელიც მამამ განწიმდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი? 37 თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. 38 და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ." 39 კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.
   40 წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა. 41 ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნე, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო. 42 და იქ ბევრი ერწმუნა მას.



 ლაზარეს სიკვდილი
1 იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან. ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა. მისი ძმა ლაზარე იყო ავად. გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: ,,უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა." 4 მოისმინა იესომ და უთხრა: ,,ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ღვთისა." 5  იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე. როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: ,,ისევ იუდეაში წავიდეთ." უთხრეს მას მოწაფეებმა: ,,რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?" მიუგო იესომ: ,,თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს. 10 ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში." 11 ეს თქვა და მეორე ეუბნება მათ: ,,ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ." 12 უთხრეს მოწაფეებმა მას: ,,უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება." 13 იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა. 14 მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: ,,ლაზარე მოკვდა. 15 მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან." 16 მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა მოწაფეებს: ,,ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.

 იესო  აღდგომა და სიცოცხლე
17 
იესო მივიდა და ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო. 18 ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, ასე თხუთმეტი სტადიონის მანძილზე. 19 ბევრი მივიდა იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო. 20 რომ გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა. 21 მართამ უთხრა იესოს: ,,უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. 22 მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი." 23 ეუბნება მას იესო: ,,აღდგება შენი ძმა." 24 ეუბნება მას მართა: ,,ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს." 25 უთხრა მას იესომ: ,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. 26 ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?" 27 ეუბნება მას: ,,ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი."

 იესოს ტირილი
28 
ეს რომ თქვა, წავიდა და თავის დას, მარიამს, მოუხმო და ჩუმად უთხრა: ,,მოძღვარი აქ არის და შენ გიხმობს." 29როგორც კი გაიგონა, სასწრაფოდ წამოდგა და მივიდა მასთან. 30 იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილზე იდგა, სადაც მართა შეეგება. 31 იუდეველებმა, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როცა დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.  32 მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: ,,უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოვკდებოდა." 33 როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა. 34 უთხრა: ,,სად დაასვენეთ იგი?" ეუბნებიან: ,,უფალო, მოდი და ნახე." 35 და აცრემლდა იესო. 36 თქვეს იუდეველებმა: ,,ნახე, როგორ ჰყვარებია!" 37 ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: ,,ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?"

 ლაზარეს გაცოცხლება
38 
იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. 39ამბობს იესო: ,,აიღეთ ლოდი." ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: ,,უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ." 40 ეუბნება მას იესო: ,,განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ–მეთქი?" 41 აიღო ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: ,,მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42 მე ვიცოდი, რომ ყველასათვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე." 43 ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: ,,ლაზარე, გამოდი!" 44 და გამოვიდა მიცვალებული, ხელ–ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: ,,გახსენით და გაუშვით, იაროს."

 შეთქმულება იესოს მოსაკლავად
45 
მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. 46ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა, რაც მოახდინა იესომ. 47 შეკრიბეს მღვდელმთავრები და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: ,,რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს? 48 თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც." 49 ერთმა მათგანმა, კაიფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: ,,თქვენ არაფერი გაგეგებათ, 50 ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს." 51 ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელთმავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა. 52 და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად. 53 იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
   54 აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, ეფრემი რომ ეწოდება, და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.
   55 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა პასექამდე იერუსალიმში განსაწმედად. 56ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: 'როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?' 57მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო იგი, ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.


 იესოს ცხება ბეთანიაში
1 პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით. გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ–ერთი თანამეინახე იყო. 3მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისის მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი: 5 ,,რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?" ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა. უთხრა იესომ: ,,დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი. 8 რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთან გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით."

 შეთქმულება ლაზარეს მოსაკლავად                                   
გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არ ამარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან კვდრეთით აღადგინა. 10 გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ, 11 რადგან მის გამო ბევრი უდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.

 ზეიმით შესვლა იერუსალიმში
12 
მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა. 13 აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახოდნენ: ,,ოსანა! კურთხეულია არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!"  14 იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15 ,,ნუ გეშინია, სიონის ასული; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი." 16 ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას.  17 ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა. 18 ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი გქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. 19 ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ,,ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება."

 ბერძნები ეძებენ იესოს
20
 იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე. 21 მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: ,,ბატონო, იესოს ნახვა გვსურს." 22 ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს. 23 იესომ მიუგო მათ და უთხრა: ,,მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა. 24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. 25 ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26 ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურებიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

 კაცის ძე უნდა ამაღლდეს
27 
ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28 მამაო, განადიდე სახელი შენი!" მოვიდა ზეციდან ხმა: ,,განვადიდე და კვლავაც განვადიდებ." 29 იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. 30 მიუგო იესომ და თქვა: ,,ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31 ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება. 32და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ." 33 ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა. თუ როგორი სიკვდილით აპირებადა სიკვდილს. 34 მიუგო მას ხალხმა: ,,რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა? 35 უთხრა მათ იესომ: ,,კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. 36 სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ნათლისა." 

 იუდეველთა ურწმუნოება
ეს ელაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა. 37 ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას, 38 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: ,,უფალო ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?" 39 იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ: 40 ,,მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი." 41 ეს თქვა იესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და ლაპარაკობდა მასზე. 42 თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. 43 რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება.

 განსჯა იესოს სიტყვებით
44 
იესომ შესძახა და თქვა: ,,ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა, 45 და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. 46 მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს. 47 თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხავად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად. 48 ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს. 49 რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. 50 და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ."


გაგრძელება




კატეგორია: იოანეს სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 1690
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024