უხუცესთა გადმოცემა 1 მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: 2 ,,რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ." 3 მან მიუგო და უთხრა მათ: ,,თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? 4 ვინაიდან ღმერთმა თქვა: 'პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.' 5 თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, 6 ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. 7 თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: 8 'ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.' 9 ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან." 10 მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: ,,ისმინეთ და შეიგნეთ: 11 ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს." 12 მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: ,, იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?" 13 მან პასუხად უთხრა: ,,ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფრხვრება. 14 მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან." 15 პეტრემ პასუხად უთხრა მას: ,,განგვიმარტე ეს იგავი." 16 ხოლო მან უთხრა: ,,ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ? 17 არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის? 18 პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს. 19 ვინაიდან გულიდან ამოდის: 'ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. 20 სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს."
ქანაანელი ქალის რწმენა 21 გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22 და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: ,,შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია." 23სიტყვაც არ გაუცია მას: მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: ,,გაუშვი იგი, რადგან მოგვყვირის ის ჩვენ." 24 მან მიუგო და უთხრა: ,,მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან." 25 დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: ,,მიშველე მე, უფალო!" 26 მან მიუგო და უთხრა: ,,არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო." 27 დედაკაცმა უთხრა: ,,დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა." 28 მაშინ იესომ პასუხად უთხრა: ,,ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს." და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი.
მრავალთა განკურნება 29 წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. 30 მოვიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. 31 ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსახდნენ, კოჭლებმა გაიახარეს და ბრმებმა დაინახეს. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
ოთხი ათასი კაცის გაძღობა 32 იესომ კი მოუხმო თავის მოწაფებს და უთხრა: ,,მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ." 33 უთხრეს მას მოწაფეებმა: ,,უფაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?" 34 უთხრა მათ იესომ: ,,რამდენი პური გაქვთ?" მათ უთხრეს: ,,შვიდი და მცირეოდენი თევზი." 35 და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36 აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი — ხალხს. 37 ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენები ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. 38მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. 39 და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში.
ნიშნების მოთხოვნა 1 მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან. 2 მან მიუგო და უთხრა მათ: ,,საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო; 3 დილით კი — დღეს გაავრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი — არა? 4 ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იოანას ნიშნისა." და მიატოვა ისინი და წავიდა.
ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარი 5 გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. 6 და იესომ უთხრა მათ: ,,იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს." 7 ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბოდნენ: პური არ წამოგვიღიაო. 8იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: ,,რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? 9 ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ? 10 აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათა აიღეთ? 11 რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუდუკელთა საფაურს?" 12 მაშინ მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფაურს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
პეტრეს მიერ იესოს აღიარება 13 ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფებს: ,,რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?" 14 მათ უთხრეს: ,,ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი — ელიაო და ზოგი — იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო." 15 უთხრა მათ: ,,თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?" 16 სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: ,,შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა." 17 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ნეტარ ხარ შენ, სიმონ იოანას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხმლა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია. 18 მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. 19 მოგცემ შენ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც." 20 მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისათვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა.
იესო — თავის სიკვდილსა და აღდგომაზე 21 მას შემდე დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავარებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. 22 პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: ,,შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!" 23 ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: ,,მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე." 24 მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ,,ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. 25ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას. 26 რა სარგებლობა ექნება ადამინს, თუ მთელს ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? 27 ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. 28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომართაგან, რომელიც არ იგებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს."
ფერიცვალება 1 ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. 2 და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი. 3 და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. 4 და უთხრა პეტრემ იესოს: ,,უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას." 5 ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: ,,ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!" 6 ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. 7 იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: ,,წამოდექით და ნუ გეშინიათ." 8თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი. 9 და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: ,,არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება." 10 ჰკითხენ მას მოწაფეებმა: ,,რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირვლად ელია უნდა მოვიდესო?" 11 ხოლო მან მიუგო და უთხრა: ,,ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. 12 თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა. 13 მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ.
მთვარეულის განკურნება 14 და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე. 15 და უთხრა: ,,უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება." 16 მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. 17 მიუგო იესომ და უთხრა: ,,ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!" 18 შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი. 19 მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: ,,ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?" 20 მან უთხრა მათ: ,,თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. 21 ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარვხვით განიდევნება."
იესო კვლავ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე 22 გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ,,კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, 23 მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება." ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.
ტაძრის ხარკისათვის 24 კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: ,,თქვენი მოძღვარი რომ არ გადაიხდის დიდრაქმას?" 25 მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: ,,რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს — თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?" 26 როცა თქვა: ,,უცხოთაგან," იესომ უთხრა მას: ,,აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან. 27 მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, და მიეცი ჩემთვის და შენთვის."
უდიდესი ცათა სამეფოში 1 იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ,,ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?" 2 იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა, 3 და უთხრა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 4 ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. 5 და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ვავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. ცოდვის საცდური 6 ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულზე ჩაეძირათ. 7 ვაი სოფელს ცთუნებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. 8 თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნე ცეცლხში. 9 თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში. იგავი დაკარგულ ცხვარზე 10 იცოდეთ, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში სულმუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. 11 ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა. 12 ,,რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთების არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? 13 თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. 14 ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგან. შემცოდე ძმა 15 ,,ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. 16 ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. 17 თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე. 18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრებული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსინი იქნება ზეცაშიც. 19 ,,ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგანი შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან,რომელიც ზეცაშია. 20 ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის."
იგავი უწყალო მონაზე 21 მაშინ მოვიდა მასთან პეტრე და უთხრა: ,,უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?" 22 უთხრა იესომ: ,,მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. 23ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელიც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. 24როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. 25 და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაიხედა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. 26 მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. 27 ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. 28 ამ მონას გამოსვისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. 29 პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. 30 მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა. 31 მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიათნ ბატონთან და აუწყეს ყოვილევი მომხდარი. 32 მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: 'ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. 33 განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?' 34 განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. 35 ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველივე თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს."
|