ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 2,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, რაიონული სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.
მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 240 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნისწყალი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი. მოსახლეობის რიცხოვნობა — 16 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 16 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ცენტრი
ამბროლაური
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სიმჭიდროვე
16.3 კაცი/კმ²
ფართობი
1142 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა
15.019 კაცი (2006 წელი)
ეროვნება
ქართველები 99.5% რუსები 0.3% აფხაზები 0.1% უკრაინელები 0.1%