კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » გალაკტიონი

გალაკტიონი 6


აჰა, თენდება!

აჰა, თენდება! ოქროსფერ სხივით
ენთება შენი შარავანდედი,
მტრედისფერ ცაზე სიხარულია,
მტრედისფერ ცაზე გამოჩნდა გედი.

მზისკენ - ვარდისკენ მისი სხივებით
ანთებული და ფრთანათუთქარი
ამოსაწუწნად მიდის ღრუბელი -
ლურჯი ფუტკარი.

ისარივით ზე აინავარდა
და ახმაურდა ცად პროპელერი,
მზის სადიდებლად გუგუნი ისმის,
განახლებული მღერის სოფელი.

ზეციდან ქვეყნად ეშვება ნისლი,
ქვეყნიდან ზეცად მიილტვის გული,
ო, ბუნებაო, რა ჯადო არის
შენს სიმღერებში დამკვიდრებული!.



ოჰ, ნუ იფიქრებ...

ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,
რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების სევდიან გზაზე
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს
ვატარებ, სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკის
ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,
სადაც არ არის სული მწუხარე.

წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო...
ის წარსულია განუკურნელი...

ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი..



ის წაიყვანა ოცნებამ მისმა...

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.
ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა,
იქ ხომალდები ჰომერისაა.

იყო ფიქრები ასე სხვადასხვა.
ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.
ოქროს დროებამ იგი გადასვა
იქ, სადაც ძველი არის ელადა.

ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,
დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -
ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,
შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.

გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.
შავი არშია დღეებს ავლია.
ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,
ცხოვრება ასე შემისწავლია....



გული სწუხს...

გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.

სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუხდენელი მესმის ზღაპარი.

გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.

ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს..



გეძებდი ყველგან...

გეძებდი ყველგან...
მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.



გაგონდება თუ არა...

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.



რომელი საათია?

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძvირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!” -
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:



შერიგება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!



ავრორა

გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,
ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.
ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება ვით ღიმილი,
ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...
ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,
არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,
ყოველი ხე და სამარე. ხევ-ხუვებში მოფენილი,
არის უღვთოდ მოწყენილი.
ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.
ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,
მთის მწვერვალო, მაგ შენს კალთებს ნუ ელტვიან იმედები,
მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს.
ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,
როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს...
მალე, მალე, ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,
ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს...



მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!



ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!



დროშები ჩქარა

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!


1  2  3  4  5     7




კატეგორია: გალაკტიონი | დაამატა: ciklopi (10.აპრ.2013)
ნანახია: 3851
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024