ბევრი ვეცადე, ძირმწარეს ვერ გავუთხარე ძირი მე. ახლა კი თქვენი ჯერია, დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
კუბოს კარამდე მისული რაღა ვარ, განაწირი მეი მაგრამ თან თქვენი იმედი მიმყვება, თქვენი ჭირიმე!
ნუ გამიმტყუნებთ იმედსა, ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე! დრო მოდის - ერთად ვიცინოთ! ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!
ილიას მოკვლის გამო
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწერაი
არა, არა!.. მითქმა-მოთქმა - ეს მშიშარა ტყუილია... ის მშობელი არ მოჰკვდება, წარმოშობა ვინც ილია!
გრძნობა კვდება, გონება კი ეკუთვნის წინ, მომავალსა... გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის და უკაფავს გზა და კვალსა.
და მიტომაც, ვინც მოჰკვდება, განა ყველა ითქმება მკვდრადი ზოგი ჩადის ბნელ საფლავში, ზოგი აქვე რჩება ლამპრად.
და ილიაც არ მომკვდარა... მამულისთვის რჩება ლამპრად, მაშინ როცა მისი გვამი გადიქცევა მიწად და მტვრად.
რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი ბუნებისგან მოცემული, მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს, ფიანდაზად დასდვა გული!..
თავი დასდვა ქვეყნისათვის, მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ: მეფესა და ყიფიანსა... იმ ორ ქართველს, განდიდებულთ!
მაგრამ ამათ სიკვდილშიაც განსხვავება არის დიდი: უფრო მწარე და მწვავია, როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!..
მეფე მოჰკლეს მონღოლებმა, დიმიტრიც მტრის მოკლულია!.. მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე გამოგვტაცა ჩვენ ილიაი!
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!.. ის ქართველად არა მჯერა, ვინც გაბედა და ილიას დაუმოკლა ბედისწერა!..
თვით იესო მაცხოვარმა, ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული, თანაშემწედ აირჩია ათორმეტი მოციქული.
და მათშიაც გაერია გამცემელი ის იუდა, შურმა, მტრობამ, ბოროტებამ ვისაც გულში დაიბუდა!..
მაგრამ რჯული რჯულად დარჩა და იუდა მხოლოდ კრულად. ამას საღმრთო ისტორია საუკუნოდ ამბობს სრულად!..
და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს მოღალატე ერთი-ორი, მსგავსი ისკარიოტელის და იუდას თანასწორი,
ამით ჩირქი მთელ ქვეყანას გაურჩევლად არ ედება! მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს, გულში ცეცხლი ეკიდება!..
II
ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ, წინ წამოდექი! ნუ იმალები! და ვერაგობით ძლევამოსილი გამოაჩინე შენი თვალები!
ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა, გარეშე მტრების სასიხარულოდ ისევ მათგანვე მოტყუებულმა, -
რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა, იორკეცებდი თვით საძაგლობასი
მაგრამ შენ ვინ ხარი ვინ მოგცა გრძნობაი ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი და გეგონა, რომ ორივე მხარეს საშვილიშვილო დაეც თავზარი?
რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე და საქართველოს კი ძველი აღთქმა ისტორიული მით გაუახლე.
დროებით დაღლილს და მიძინებულს, - ის გამოახელს მაგითი თვალებს და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ შენებრ მეთაურს და ნაძირალებს.
აღმართ-აღმართ
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.
მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე გვრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული, იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო, ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა, რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე, ვსთქვი: „ცხვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!"
და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი? ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"
გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა! გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდაი
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!.. ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"
მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!.. ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე! მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!"
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს, და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად, თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარადი
ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით! დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით, ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის! ხელდაკრებიფით განისვენე მარადის!
ქართველი ქალი
მწუხარე და სევდიანი სერზედ იდგა ერთი ქალი, ფერმიხდილსა მღელვარებით შორს ეჭირა გზისკენ თვალი. მას უნდოდა, რომ შეეტყო მისი ქვეყნის ბედისწერა; შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი და დაუწყო გულმა ძგერა. მიაძახა ახლოს მოსულს: "ნუ დაჰფარავ ნურაფერსო, თორემ ბოლოს გაზღვევინებ, გეფიცები ზეციერსო!” წინ წამოდგა მონამ ბიჯი, ტირილითა მოახსენა: "ვაი ჩემს თავს!.. სჯობს დამებას ცოდვილი და მწარე ენა! "ვხედავ, შენზედ უჩხავლია შავბედითსა ყორანს შავსო! რაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: "სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო: თათრებს დარჩა გამარჯვება, თუ ჩვენს ძლიერს მეფესაო?” "ეგ რა ბრძანეთ?!. ქართველ ჯარსა განა სძლევდა თათარიო? თვით არ მივა, და მოსულ მტერს რომ დაუხვდეს, მზად არიო! "ზარი დასცეს სერასკირსა, არ მოსულა ჯერაც გონსა! ქართველები ღმერთს მადლობენ, ადიდებენ სოლომონსა!” ქართვლის ქალი პირჯვარს იწერს: "მადლი ზენა ქართველებსო! აბა ახლა მომიყევი, რაც გადახდა ჩემს შვილებსო”. "შენი პირმშო აღარა გყავს: ალექსანდრე მოგიკლესო, უმცროსი ძმა მიეშველა, იმასაც დღე უმოკლესო. "თათრის ტყვიამ გაუხვრიტათ ორთავ გულის ფიცარიო; მოკვდენ, მაგრამ სახელი კი ნახეს დაუვიწყარიო!..” დედას ცრემლი უნებურად წამწამებზედ შეუჩერდა; ნაცრის ფერი გადაედვა, გული ხშირად აუძგერდა. მაგრამ ეს სთქვა: "გამიზრდია ქართველ ქალსა ქართვლის შვილი! ეს ნაღველი დედისათვის მწარე არის და თან ტკბილი! "მამულისთვის მიშობია მისი ჭირის სანაცვლოდო; ქართველ დედებს ვალად გვაძევს, ამ ჭირს უნდა გავუძლოთო”. ესა სთქვა და ისევ ჰკითხა: "საშუალომ რაღა ქნაო? ამოიგო ძმების სისხლი? თათრის მძორის დასდგა ძნაო?” "არა, ჩემო ქალბატონო, ვერ გავბედავ ტყუილსაო; ეგ სახელი არ უნახავს ქალაჩუნა თქვენს შვილსაო! "უფროსი და უმცროსი ძმა მტრის რაზმში რომ გაჰკიოდა, საშუალო ტყეში იწვა: გულ-მუცელი ასტკიოდა”. ეს რომ ესმა, ქართვლის ქალი უცნაურად დაიღრიჯა, ამოჰყარა ძუძუები, მოთქმით თავი მოიგლიჯა: "ვაი ლეჩაქს, შერცხვენილსა, ვაჰ ძუძუებს გაკიცხულსო, ვაი დედას, თითქმის პირშავს, რა მახვილი მეცა გულსო! "არა ვსტირი იმ ორ შვილსა, ომში მოკლულს გმირულადო, ვიგლოვ ცოცხლად დარჩენილსა უსახელოდ... ვირულადო!”
ზღვაო, აღელდი, აღელდი
ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შენი უფსკრული გულია, მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია. მხოლოდ როდესაც მრისხანებ, გულს უხსნი მზეს და მთვარესა, იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა. პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი მრისხანე გულის ღელვასა!.. ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა!
ნატვრა
ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში და, როგორც სვიმონ მოხუცებულსა, მეც მომეფინა, მოხუცს, ნუგეში. გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა, რომ მოიპოვოს თავისუფლება სიტყვის, მწერლობის, კრება-ერთობის და აასრულოს საერთო ნება!.. გუშინ არ იყო, რომ აკრძალული ძალმომრეობით გვქონდა ეს ყველა? ბიუროკრატი, როგორც რომ ჩრჩილი, კაცურ ღირსებას ღრღნიდა ნელ-ნელა! მადლობა უფალს! მოვიდა წარღვნა, რომ წაილეკოს უსამართლობა და დაემკვიდროს ამიერიდან "შვება”, "თანხმობა”, "ძმობა”, "ერთობა”! შრომა ხალხისა, შეერთებული ძალთა-ძალია სტიქიონური, ვერ შეაჩერებს მას ვერაფერი, გინდა ბრძანებაც იყოს მეფური!… ახლა კი სწორედ შემიძლია ვთქვა: თუმცა გავლიე ცხოვრების გზანი, მაგრამ ნუგეშად მიმყვება მე თან დიდი იმედი, კარგი ნიშანი!… ეს არის მხოლოდ პირველი ბიჯი და თან მოჰყვება მას სიარული! შვილების პირველ ფეხის ადგმაზე მისი მშობელი არს მხიარული. ესეც პირველი ნაბიჯი არის, ჩვენის ხალხისგან დღეს გადადგმული. ჯერ იბარბაცოს!… რომ გამაგრდება, მაშინ წინ წავა გამხნევებული. ადრეც მეჯერა და ახლაცა მწამს: სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი! თუ არ ხანგრძლივის მოვლა-წამლობით, არ იკურნება ხომ ავადმყოფი?! ბედმა გვარგუნა ჩვენ ხვნა და თესვა, რაც კი მოითხოვს ხანდახან გასვრას! თქვენ მომკლები ხართ! ხელს თუ გაიჭრით, ნუ ერიდებით ცოტა სისხლის ღვრას! თუმცა მოვხუცდი, არ შემიძლია დავატრიალო თქვენებრ ნამგალი, მაგრამ მაინც კი გადაბმული ვარ და თქვენ შეგყურებთ სიამით თვალი! აბა, "ჰოპუნა” დააგუგუნეთ პურის სამკალად, ეკლის საჭრელად, და მეც შორიდან ბანს გეტყვით ყველას სიამოვნებით, უკანასკნელად!
ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, უხმოდ და უძრავად დნება, ვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით გაასპეტაკოს, თვალუწვდომელი წყვდიადი! მივჩერებივარ ამ დიდ ძალს მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული; მეცა უსიტყვოდ, უძრავად, ცის სვეტად გაქვავებული. რაღაც უცნაურ ერთობას ვხედავ სანთელს და ჩემ შუა! მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება ჩემი გონება და ჭკუა. სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე - მოკლე პატრუქი, ნათელი - ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია მეც განა? კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს, ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
ხანჯალს
შენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ, ხანჯალო, ამოგიფერავ გულსაო! შენ უნდა ეძმო და ეყმო უმართლოდ დაჩაგრულსაო! ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, ორივე გვერდით მჭრელიო; გპატრონობს გული ფოლადი და გიპყრობს რკინის ხელიო. მისი გამჩენის ჭირიმე, ვინც რომ შენ გამოგჭედაო! ჭირიმე, შენი ჭირიმე, მტერს აუტირე დედაო! ბევრი ნაღველი შეასვეს მტრებმა ამ ჩემსა გულსაო, შენ მიმკურნალე, მახვილო, უმართლოდ დაჩაგრულსაო! მიმოციქულე მტრის გულთან, მიმიძღვენ ჩემი სალამი: ის ვითომ საწერელია, ჩაერჭვე, როგორც კალამი! მისი წითელი მელნითა შემაღებინე ჭაღარა, იმისი კვნესა იქნება ჩემთვის დაფი და ნაღარა! გლესავ და გლესავ, მახვილო, ფოლადო, ჩემო რკინაო! დროა, ამოდი ქარქაშით, აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.
გულის პასუხი
მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვდავება!
ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში მცველ-ანგელოზად მელანდებოდი, და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი, უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.