კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ლიტერატურული ლექსიკონი

ა-




ლიტერატურული ლექსიკონი







ა ბ ზ ა ც ი -1. ტექსტის ნაწილი, რომლის პირველი სტრიქონი ცოტათი შეწეულია;
2. თვით შეწეული სტრიქონი.


ა ვ ტ ო გ რ ა ფ ი – ავტორის ხელმოწერა ან რაიმე წარწერა მისსავე დაბეჭდილ ნაწარმოებზე.


ა ვ ტ ო ფ ი ქ ც ი ა – (ბერძ. ავტო - თვითონ; ფიქცია - გამონაგონი), ლიტერატურული მიმდინარეობა, XX საუკუნის შუა ხანებიდან. ტერმინი პირველად 1977 წელს გამოიყენა სერჟ დუბროვსკიმ თავის ერთ-ერთ რომანზე (ვაჟიშვილი) საუბრისას.
ეს არის ლიტერატურული, ძირითადად რომანული ჟანრი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თხრობის ორ ურთიერთგანსხვავებულ ტიპს: ერთის მხრივ საქმე გვაქვს ავტობიოგრაფიის მსგავსად ავტორის, იგივე მთხრობელის ანუ პერსონაჟის პიროვნებაზე დაფუძნებულ თხრობას და ამავე დროს აღიარებს რომ არის ფიქცია, გამონაგონი. ავტორი ყვება საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ უფრო რომანული, შელამაზებული ფორმით, შეცვლილი სახელებით და ზოგ შემთხვევაში მხოლობითი რიცხვის მესამე პირში. სერჟ დუბროვსკი, როგორც ამ ახალი ჟანრის ფუძემდებელი, მიიჩნევს, რომ ავტოფიქცია არის "რეალური ფაქტებისა და მოვლენების ფიქცია." ამ შემთხვევაში ფიქცია ხდება საკუთარი მე-ს ძიების საშუალება.



ა კ მ ე ი ზ მ ი – (ბერძნ. akme მწვერვალი) - ერთ-ერთი რეაქციული დეკადენტური მიმდინარეობა რუსულ ლიტერატურაში მე-20 ს.-ის პირველ მეოთხედში; ქადაგებდა თეორიას "ხელოვნება ხელოვნებისათვის", ინდივიდუალიზმს.



ა კ რ ო ს ტ ი ქ ი – (კიდურწერილობა) — ლექსი, რომლის სტრიქონთა დასაწყისი ასოები შეადგენს რაიმე სიტყვას ან ფრაზას, ზოგჯერ ტექტსაც.
ლექსის ეს სახეობა ბერძნულიდან გადმოინერგა და დიდად პოპულარული იყო ქართველ ჰიმნოგრაფთა შორის (იოანე-ზოსიმე, მიქელ მოდრეკილი, ეზრა, ფილიპე, სტეფანე სანანოისძე, გიორგი ათონელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი). მათ ლექსებში აკროსტიქად გამოყენებულია საკუთრივ ლექსის ავტორის ან საგალობლის შემკვეთის სახელი, საგალობლის ხასიათი და სახელწოდება.
აკროსტოკული ლექსი XVII-XVIII საუკუნეთა პოეზიაში საკმაოდ პოპულარული იყო. ამგვარი ლექსები აქვთ არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს და თვით დავით გურამიშვილსაც კი.



ა ლ ე გ ო რ ი ა – (ბერძნ. allegoria – გადაკრულად თქმა) – გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.



ა ლ ი ტ ე რ ა ც ი ა – (ლათ. alliteratio) – ერთსა და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში, მაგ.: კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე (რუსთაველი).
გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური როცა მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.



ა ლ მ ა ნ ა ხ ი – (არაბ. ألمناخ‎‎ — ასტრონომიული კალენდარი) — სერიული გამოცემის ნაირსახეობა, პერიოდულად დაბეჭდილი ლიტერატურულ-მხატვრული ან სამეცნიერო-პოპულარული ნაწარმოებების კრებული (თემატური, ჟანრობრივი, იდეურ-მხატვრული ნიშნებით გაერთიანებული).
ჟურნალისგან განსხვავებით ალმანახი, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ გამოდის, არაერთგვარი პერიოდულობით, ან საერთოდ არაპერიოდულად და შეიცავს ინფორმაციას საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროების შესახებ, ლიტერატურული, სამეცნიერო, იურიდიული სიახლეებისა თუ ცვლილებების მითითებით, უახლოვდება რა ამით კალენდარულ ცნობარს.



ა ლ ტ ე რ ე გ ო – (ლათ. Alter ego - სხვა მე) -- სხვა პირადობა, მეორე პერსონალია ან პერსონა ადამიანში. ტერმინი ხშირად გამოიყენება ლიტერატურულ ანალიზში და ფსიქოლოგიურად იდენტური ხასიათების შედარებისას.
ეს ტერმინი, და საერთოდ კონცეფცია, ხშირია პოპულარულ თხზულებებში, როგორიცაა მაგ. კომიკსების წიგნები, სუპერგმირების, ბოროტებასთან მებრძოლების საიდუმლო იდენტიფიკაციისთვის.



ა ლ უ ზ ი ა – (ფრანგ. alluaion -გადაკრული სიტყვა) - რიტორიკული ხერხი - გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული ნაწარმოებისა.



ა მ პ ლ ი ფ ი კ ა ც ი ა – [ლათ. amplificatio გავრცობა, გაზრდა] – სტილისტიკური ხერხი - წინადადების გავრცობა ერთგვარი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით (სინონიმებით).



ა ნ ა კ რ ე ო ნ ტ უ ლ ი პოეზია (ძვ. ბერძენი პოეტის ანაკრეონტის სახელიდან) - პოეზია, რომელიც უმღეროდა მხიარულ ცხოვრებას, სიყვარულს, ღვინოს



ა ნ ა პ ე ს ტ ი – 1. ანტიკურ ლექსთწყობაში: ლექსის ზომა, რომლის ტერფი შედგება ორი მოკლე და ერთი გრძელი მარცვლისაგან;
2. სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაში (მაგ., რუსულში): სამმარცვლიანი ტერფი, რომელიც შედგება ორი უმახვილო და მესამე მახვილიანი მარცვლისაგან.



ა ნ ა ფ ო რ ა ლიტ. პოეტური და ორატორული ხერხი – ერთისა და იმავე სიტყვის (წინადადების, ბგერის) გამეორება რამდენიმე ტაეპის (ფრაზის) დასაწყისში;



ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა — აკროსტიქის ნაირსახეობა, ანბანის რიგის, თანმიმდევრობის მიხედვით გაწყობილი ლექსი.
უაღრესად პოპულარული იყო XVII-XVIII საუკუნეებში, ნაწილობრივ მეცხრამეტეშიც. შინაარსობრივად ამ ყაიდის ლექსები ზოგჯერ საგანმანათლებლო, სამოძღვრო, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ანბანთქებანი ჰქონდათ თეიმურაზ I-ს, არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს, ბესიკს და ზოგიერთ სხვა პოეტს. დავით გურამიშვილმაც კი მოუხადა ხარკი ამ მოდურ გატაცებას.



ა ნ დ ა ზ ა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება.
დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც "მაქსიმი". თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას "აფორიზმი" ეწოდება.
ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.



ა ნ ჟ ა მ ბ ე მ ა ნ ი (ფრანგ. enjambement - გადატანა) ანუ გადატანა, პოეტური გამოსახვის ხერხი.
წინადადების ნაწილის გადატანა ტაეპიდან ტაეპში გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი და მისი მეტრული დაყოფა არ ემთხვევა ერთმანეთს. ანჟამბემანი ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია.



ტ ა ე პ უ რ ი  ა ნ ჟ ა მ ბ ე მ ა ნ ი : ა) ფრაზა ავსებს პირველ ტაეპს და მთავრდება მეორის დასაწყისში; ბ) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და ავსებს მეორე ტაეპს; გ) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და მთავრდება მეორე ტაეპის დასაწყისში; დ) ტაეპიდან ტაეპში გადატანილია სიტყვის ნაწილი (დამარცვლის წესით).
ს ტ რ ო ფ უ ლ ი ა ნ ჟ ა მ ბ ე მ ა ნ ი : ა) მთელი სტროფის აზრობრივ-ფრაზეოლოგიური კომპოზიცია სრულდება მომდევნო სტროფის პირველ ტაეპში.; ბ)მთელი სტროფი აგებულია ანჟამბემანის პრინციპზე.



ა ნ ტ ი თ ე ზ ი ს ი  (ბერძ. atithesis), პოეტური ფიგურა, სტილისტური ხერხი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებით, ცნებებითა და სახეებით გამოხატავს სინამდვილეს. ენათესასვება შედარებას, კონტრასტს. ანტითეზისი ხელს უწყობს მეტყველების სიმახვილეს, მოხდენილობას, ლაკონურობას, აზრის სხარტად და ემოციურად გადმოცემას.
"ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა" - (ხალხური)
"შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი" - (ი. ჭავჭავაძე)
"ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ესა!" - (ა. წერეთელი



ა ნ ტ ო ნ ი მ ი  - სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს (მაგ., კარგი - ცუდი, დიდი - პატარა).



ა ნ ტ ო ნ ო მ ა ზ ი ა - მეტონიმიის ერთ-ერთი სახე - ზოგადი სახელის შეცვლა საკუთარით ან პირიქით; მაგ., "ციცერონი"– "ორატორის" ნაცვლად, "კვაჭი"- "გაქნილის" მაგივრად.



ა პ ო კ რ ი ფ ი (ძვ. ბერძ. ἀπόκρῠφος - დაფარული, საიდუმლო) — გვიანიუდაური და ადრექრისტიანული ლიტერატურული არაკანონიკური თხზულებები.
თავდაპირველად ეს ტერმინი იხმარებოდა გნოსტიკური ხასიათის თხზულებების მიმართ, რადგან გნოსტიკოსები ცდილობდნენ თავიანთი სწავლება საიდუმლოდ შეენახათ, მოგვიანებით ტერმინი დაუკავშირდა ასევე ადრექრისტიანულ ტექსტებს (სხვადასხვა არაკანონიკურ სახარებებს, ეპისტოლეებს, გამოცხადებებს), რომლებიც ქრისtიანული ეკლესიის მიერ არ იქნა ცნობილი ღვთივშთაგონებულად და არ შევიდნენ ბიბლიურ კანონში.
აოპკრიფები იყოფა ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის აპოკრიფებად.



ა პ ო ლ ო გ ი ა (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — სასულიერო ლიტერატურის დარგი, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიის,ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას (ზეპირად ან წერილობით). სიტყვა „აპოლოგია" ხშირად იხმარება წინასწარგანზრახული დაცვის, გადაჭარბებული შექების, განდიდების მნიშვნელობით.
აპოლოგეტი იყო პიროვნება, ვინც იცავდა რელიგიურ დებულებებს ზეპირად თუ წერილობით. ასე წარმოიშვა აპოლოგეტური ლიტერატურა.



ა პ ო ფ თ ე გ მ ე ბ ი (ბერძნ. apophthegma - სხარტი, ღრმააზროვანი გამონათქვამი) ფილოსოფოსთა და გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების, აგრეთვე მათი ცხოვრების ამსახველი ამბებისა და თქმულებების ძველი კრებულები, რომელთა მიზანი იყო მკითხველთა ზნეობრივი დარიგება და განსწავლა.
აპოფთეგმებს საფუძველი ჩაეყარა ანტიკურ საბერძნეთში და ფართოდ გავრცელდა როგორც ძველ სამყაროში, ისე შუა საუკუენეებში.
საქართველოში ჯერ კიდევ X საუკუნეში ითარგმნა საკეტურ-მისტიკური ხასიათის აფორიზმები და სენტენციები, იოანე ოქროპირის"ფუტკარი" (თარგმანი სტეფანე ათონელისა), ნილის სინელის "ღნომანი სწავლათანი სარგებელად სულისა" და "ღნომანი განმაყენებელნი განხრწნადთაგან და შემაერთებელნი უხრწნელთა თანა". აღორძინების ხანის ქართული ლიტერატურის მოღვაწენი თარგმნიდნენ აღმოსავლეთისა და საბერძნეთის ფილოსოფოსთა, მეფეთა და ცნობილ პირთა აპოფთეგმურ კრებულებს (სპარსული"ყაბუსნამეს" ქართული პროზაული და ლექსითი ვერსიები და სხვა). XVIII საუკუნეში აპოფთეგმები ითარგმნა რუსულიდან, მათ შორის ყველაზე სრულია "აპოფთეგმატა", რომელიც ერასტი თურქისტანიშვილს გადმოუღია, რუსული დედანი კი, თავის მხრივ, ბენიაშ ბუდნის (XVII ს.) პოლონური კრებულიდან არის თარგმნილი. ეს კრებული ოთხი სხვადასხვა რედაქციით გაულექსავს ვახტანგ VI-ს.



ა რ ქ ა ი ზ მ ი  (ბერძნ. archaios - ძველი), მოძველებული, ყოველდღიური ხმარებიდან გამოსული სიტყვა, გამოთქვა, გრამატიკული ფორმა ან სინტაქსური კონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე ენაში აღარ იხმარება და მხატვრულ ლიტერატურაში ემსახურება მხოლოდ ეპოქისკოლორიტის ან ამაღლებული განწყობილების გადმოცემას, ე. ი. იხმარება როგორც სტილისტური ხერხი.
მაგ., ლექსიკური არქაიზმი: "... მას ჰუნე (= ცხენი) თვისი შვის ბედის წინ გამოუქროლდეს" (ნიკოლოზ ბარათაშვილი); გრამატიკული არქაიზმი: "მზის ღიმილი აღაჩინა ცამან, ვარდს აღმოხდა ხმაი საოცარი" (ანა კალანდაძე).



ა ს კ ე ტ ი კ უ რ - მ ი ს ტ ი კ უ რ ი  მ წ ე რ ლ ო ბ ა – სასულიერო მწერლობის დარგი, რომლის საგანია რელიგიური ცხოვრების შინაგანი მხარე, უშუალო მიმართება ღმერთთან (მისტიკა) და ქრისტიანთა ცხოვრების ეული ყოფა (ასთეტიკა). მისი წარმოშობა დაკავშირებულია სამონასტრო ცხოვრებასთან. VII საუკუნემ შემოგვინახა ერთი ორიგინალური ძეგლი – მარტვილი საბაწმინდელის "სინანულისათვის და სიმდაბლისა".



ა ს ო ნ ა ნ ს ი  (ფრანგ. assonance - თანხმობა) — რითმა, რომელშიც მხოლოდ ხმოვნებია შეწყობილი.
რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:
1. სალექსო სტრიქონში ერთი და იმავე ხმოვნის გამეორება. ასონანსი აძლიერებს კეთილხმოვანებას, მაგ,., მზემ დასავლეთი დააიარა (გ. ტაბიძე);
2. არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები საერთოა, თანხმოვანთა ერთი ნაწილი კი განსხვავებული. ასონანსურ რითმებს ქმნის: მსგავს თანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ., კვირტი - ზვირთი), განსხვავებულთანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ., გადამხედია - მტერია), თანხმოვნის დაკლება რითმის ბოლოში (მაგ., ვნახეთ - კახეთს), თანხმოვნის დაკლება რითმის შიგნით (მაგ., მოდებს - ისმოდეს), თანხმოვანთა მეტათეზისი (მაგ., წამსვე - სავსე).



ა ტ რ ა ქ ც ი ა [ლათ. attractio მიზიდულობა] – წინადადებაში სიტყვათა შეწყობა არა გრამატიკული ფორმის მიხედვით, არამედ აზრობრივად. მაგ., ყველა მოვიდნენ.



ა ფ ო რ ი ზ მ ი (ბერძნ. αφοριζειν, aphorismos - მოკლე გამონათქვამი), დახვეწილი, ლაკონიური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიც და პროზაულიც.
ქართულ ლიტერატურაში აფორიზმის დიდოსტატია რუსთაველი ("სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი", "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია" და სხვა). აფორიზმი არსებობს ჩანართებისა და დამოუკიდებელი ჟანრის ფორმითაც (მაგ., XVIII საუკუნის გერმანელ მოაზროვნის გ. კ. ლიხტენბერგის "აფორიზმები"). ეს ჟანრი პოპულარული იყო საფრანგეთშიც (ბ. პასკალი, ფ. ლაროშფუკო, ჟ. ლაბრუიერი, ს. რ. შამფორი). ფრანგულ ლიტერატურაში გავრცელებული "აზრები" და "მაქსიმები" (ფრანგ. "maxime" - მორალის, ზნეობის ძირითადი პრინციპების მოკლე ფორმულა) აფორისტული ხასიათისაა. ლიტერატურაში ცნობილია ე. წ. "აფორისტული სტილი", რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ლაკონიზმი. XIX საუკუნის გერმანელ ფილოსოფებს ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს წერის მანერა აფორისტული სტილის ნიმუშს წარმოადგენს. აფორიზმი ჭარბად გვხვდება იგავარაკული ჟანრის ნაწარმოებებში ("ჰიტოპადეშა", ესოპე, ფედრუსი, საადი, ჟ. ლაფონტენი, სულხან-საბა ორბელიანი, ი. კრილოვი და სხვა), უხვად არის გაბნეული ზეპირსიტყვიერებაშიც. მრავალი აფორიზმი საერთოდ ფოლკლორიდან მიმდინარეობს.



ა შ უ ღ ი  (< არაბ. აშიკ - მიჯნური, მეტრფე), სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი).
აშუღი თხზავს სასიმღერო ტექსტს (ხშირ შემთხვევაში იმპროვიზებულად), უწყობს ჰანგებს და თავადვე მღერის რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი,თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით, თუმცა ხშირად ზოგნი მხოლოდ ტექსტს ადგენენ, სხვები კი მზა რეპერტუარს ასრულებენ.
აშუღური პოეზია დიდ ადგილს უთმობდა რომანტიკულ და საგმირო ჟანრის ხალხურ თქმულებებს. თავდაპირველად (როგორც სიტყვა "აშუღის" მნიშვნელობა მოწმობს) იგი სამიჯნური თემატიკას მოიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სოციალური მოტივებიც გამოერია. აშუღები მართავდნენ პოეტურ პაექრობას, რომელიც ერთგვარად ჰგავს ქართულ შაირობა-კაფიობასა და შემღერებას.
აშუღური სიმღერები აღმოსავლეთის მუსიკის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკადია, ემყარება ხალხურ მუსიკასა და პოეზიას. მისთვის დამახასიათებელია განვიტარებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრები - დასთანი, ბაიათი, მუხამბაზიდა სხვა. გამოირჩევა ფართოდ განვითარებული მელოდიით, უხვი მელიზმატიკით, ემოციურობით.
აშუღის სახელწოდება ამიერკავკასიაში XVI-XVII საუკუნეებიდან გვხვდება. საქართველოში (ძირითადად თბილისში) აშუღობა განსაკუთრებით განვითარდა XVIII საუკუნის II ნახევრიდან. თბილისელ აშუღთაგან ამიერკავკასიაში ყველაზე ცნობილი იყოსაიათნოვა, XIX საუკუნეში - ჩამჩი-მელქო, სათარა, ჰაზირა, ევანგულა, ს. ფერშანგიშვილი, ი. ამირიძე (ქეშეშ დარდიმანდი) და სხვები. აშუღური პოეზიის ნაკადი საგრძნობია ბესიკის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის პოეზიაში (ამათგან პირველი ორი პოეტი თვითონ ამღერებდა საზზე თავის ლექსებს). ცნობილია აგრეთვე ა. წერეთლის მუხამბაზები - "თავო ჩემო", "აღმართ-აღმართ", "ნახევარი ცხოვრების გზა...". ქართული მწერლობისა და ფოლკლორული ტრადიციების გავლენით ქართველ აშუღ პოეტთა შემოქმედებაში შემდგომ მეტი ადგილი ეთმობოდა პატრიოტულ და დემოკრატიულ თემატიკას, იხვეწებოდა აშუღური ლექსი და ეროვნულ-ლიტერატურულ იერს იძენდა. ამის მაგალითია დ. გივიშვილისა და განსაკუთრებით იეთიმ გურჯის მემკვიდრეობა.
ასევე ხდებოდა ქართულ აშუღურ მუსიკაშიც. საქართველოს სხვადასვხა კუთხეებიდან გამოსული მომღერლები აშუღური მანერით ასრულებდნენ ქართულ ხალხურ ჰანგებს, რომლებიც სხვა სიმღერებთან ერთად ამდიდრებდნენ ე. წ. ქართულ ქალაქურ მუსიკალურ ფოლკლორს. ბევრ ქართულ აშუღურ სიმღერაში შერბილდა შესრულების აღმოსავლური იერი. ზოგი მათგანი ქართული ხალხური მუსიკისათვის დამახასიათბელ სამხმიან სიმღერად გადამუშავდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა როგორც ხალხური, ისე პროფესიულ მუსიკის საგანძურში.



ა ხ ა ლ ი  პ ო ე მ ა - პოემა, რომლის ჟანრული თავისებურების გამოვლენა, გაფორმება რომანტიზმთან არის დაკავშირებული. შედარებით პატარა მოცულობისაა, არა აქვს რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი მცირეა. მისთვის დამახასიათებელია მწერლისა და გმირის სუბიექტური განწყობილების წინ წამოწევა, ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია გმირი და მისი სულიერი განცდები, ლირიკული განწყობილება; მოხსნილია ტიპური „საპოემო" ლირიკულ-ეპიკური საწყისების როგორც, ერთი მხრივ, პიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ, ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური ძალების შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეული გმირის ზვიადობა, უძლეველობა, უჩვეულობა. ახალ პოემაში ავტორი ერევა მოქმედების განვითარებაში, განცდის სიჭარბეში ვლინდება (ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა", ი. ჭავჭავაძის „განდეგილი", ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავი" , ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი" და სხვ.)



ა ხ ა ლ ი  რ ო მ ა ნ ი (ფრანგ.: Le Nouveau Roman), XX საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში ჩამოყალიბებული ლიტერატურული მიმდინარეობა. ტერმინი "ახალი რომანი" პირველად გაჩნდა 1957 წელს, ემილ ანრიოს მიერ ჟურნალ Le Monde-ში გამოქვეყნებულ ქრონიკაში, რომელიც ალენ რობ-გრიიეს რომანს ეჭვიანობა და ნატალი საროტის ტროპიზმებს ეხება. აღნიშნული ტერმინის გვერდით იხმარება სხვა, შედარებით ნაკლებ პოპულარული სახელწოდებები: "რომანის ახალი სკოლა”, "ახალი რეალიზმი”, "ანტირომანი”, "ანტერომანი”, "მზერის სკოლა”, "უარყოფის სკოლა”, "ალიტერატურა” და სხვ.
ერთ-ერთი ვერსიით ახალ რომანისტთა გაერთიანების კრიტერიუმად მიიჩნევა გამომცემლობა Les Editions de Minuit, რომელშიც გამოიცა მათი ნაწარმოებები. ამის გამო მათ ხშირად "მინუის რომანისტებსაც” უწოდებენ.
დღესდღეობით ლიტერატურულ კრიტიკაში "ახალ რომანისტებად” ძირითადად მიჩნეულია ის მწერლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1971 წლის ივნისში სერიზი ლა სალში ჩატარებულ კოლოქვიუმში - ”ხვალ, დღეს”, ესენია: ბიუტორი, კლოდ ოლიე, რობერ პენჟე, ჟან რიკარდუ, რობ-გრიიე, საროტი, კლოდ სიმონი. მიწვევაზე უარი განაცხადეს ბეკეტმა და დიურასმა.
”ახალი რომანის” ერთ-ერთ პირველ თეორეტიკოსად ნატალი საროტი მიიჩნევა. 1950 წელს ჟურნალში Le temps moderne მან გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ეჭვების ერა, რომელშიც დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს კლასიკურ რომანს.
ახალ რომანისტებს შემოაქვთ სრულიად ახალი რომანული ხერხები, წერის ახალი ტექნიკა. ცვლილებას განიცდის რომანის თითქმის ყველა ტრადიციული ელემენტი: ავტორი, მკითხველი, პერსონაჟი, ამბავი, იდეა.



ა ხ ა ლ ი  ტ ე ქ ს ტ უ ა ლ ო ბ ე ბ ი - ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც 1990-იანი წლებიდან იწყება საფრანგეთსა და აშშ-ში. თავად ტერმინი 1997 წელს, ფრანგმა მწერალმა, ფრანკ ლაროზმა შექმნა.
ახალი ტექსტუალობები უკავშირდება ობიექტივიზმს, რომელმაც უარი თქვა ლიტერატურაშილირიზმსა და სუბიექტურობაზე , შემოიტანა მასში გარკვეული რაოდენობით პოლიტიკა, და ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას. ახალი ტექსტუალობები ერთმანეთში ურევს ისეთ ურთიერთგანსხვავებულ ჟანრებს, როგორიცაა [/b]პოეზია, რომანი, თეატრი, ესსე და ა.შ. შეაქვს მათში ფილოსოფია ნაკლებად კლასიკური ფორმით.



ა ხ ა ლ ი  ფ ი ქ ც ი ა - ავანგარდული ლიტერატურული მიმდინარეობა.
ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მოყოლებული რელისტური ლიტერატურის პარალელურად არსებობს ე.წ. წარმოსახვითი ლიტერატურა. თუკი პირველი გარემომცველი რელობის შეძლებისდაგვარად ადექვატურ აღწერას გვთავაზობს და დიდ ადგილს უთმობს სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებს, წარმოსახვითი მიმართულება არაცნობიერსა და წარმოსახულს ემყარება. ახალი ფიქცია საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური მიმართულების რადიკალიზაციას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ადამიანის სულში არსებული პოეტური სიღრმეების შეცნობას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ყოველდღიური ცხოვრების უბრალო ტრანსკრიფციით. ამისთვის აუცილებელია ქვეცნობიერი თუ წარმოსახვითი ნიღბების თამაში.



კატეგორია: ლიტერატურული ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (10.აპრ.2013)
ნანახია: 3770
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024