ჩინური - ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. იგი ეკუთვნის აღმოსავლეთის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრრგვალო, ხუთ ან იშვიათად სამფრთიანი. მტევანი დიდი, ცილინდრული ან ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო მომწვანო-მოყვითალო ფერის პატარა მუქი წითელი წერტილებით. მაგარი კანით. ხორციანი რბილობით, წვნიანი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 166დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3250 c პირობებში. მოსავლიანობა 60-70ც/ჰა. ჯიში მდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. ყურძნის შაქრიანობაა 21-22%, ტიტრული მჟავიანობა 8,9გ/ლ. ჩინურის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება სუფრის ორდინალური ევროპული ტიპის ღვინო "ჩინური", ასევე ამ ტიპის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად, კუპაჟში, გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.