პარმენ ცახელი - პარმენ ცახელი - პოეზია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » პარმენ ცახელი

პარმენ ცახელი

პარმენ ცახელი 

(1866 – 1919)



მძინარე დედა


სარკმლიდანა მთვარის შუქი

დაღონებით იყურება

და მშობელის ღარიბ ლოგინს

ეკრობა და ეწურება.


ძველ კონკებში გახვეული,

მას ყმაწვილი უწვდის ხელებს,

შეჰტიტინებს ,,აღუ-აღუს”,

ღუღუნებს და შეღიმილებს.


და მნათობიც ტანჯვის შვილსა

მხიარულად დაჰხარის თავს,

ტუჩში ჰკოცნის, უკამათლებს

სხივებსა და გულში იკრავს.


ყმაწვილთანვე მიწოლილი

ძილში ბოდავს მისი დედა

და ვინ იცის, ტანჯულ ძილში

რაზედ ფიქრობს, ან ვისზედა.


ჯაფისაგან დასუსტებულს,

საცოდავს და შესაბრალებს,

არვინ იცის, შიგნით გულში

რა ცეცხლებიც უტრიალებს.


ფერმიხდილი, გულმოკლული

შრომისაგან განისვენებს,

მაგრამ შიმშილი და ხვედრთან

ბრძლოლა ძილშიაც არ ასვენებს.


ბევრი ტანჯვის განაცადი

ზეზეურად ჩამომდნარა,

დაუცია უმართლობას,

მაგრამ ჯერეთ არ მომკვდარა.


არც მოკვდება!- თუმც კი ტანჯვა

კიდევ ელის მას მრავალი,

მაგრამ ყველამ რად არ იცით,

რომ მისია მომავალი!


იმისთვისაც გათენდება

და დადგება გაზაფხული,

ხვალ ნაყოფებს გამოიღებს

დღეს ნათესი მიწა-ხნული!


ხელში მარდად ნამგალს იგდებს,

რა იშოვნის იგი ალოს,

და გმირულად გამოთიბავს

პურში გამორეულ ღვალოს!


ძირიანად ამოაგდებს

კეთილ თესლის წამჩრდილვევლსა

და მომავლით გაიხარებს,

დაივიწყებს წასულ ძველსა!


ვით დღემდე სხვებს გაუღიმებს

გაზაფხულზეც მასაც ბედი

და ყოველ მხრივ იამაყებს

თავმომწონე ვითა გედი !


***


ახალი წელი


ახალმა წელმა მცინარედ

მოუკაკუნა კარებსა

და დაიძახა ,,იფხიზლეთ,

ნუღარა ხუჭავთ თვალებსა.


ფარულად მოიპარება

თქვენსკენა მომავალიო

და მასთან შეყრა გულწრფელად

აწ არის თქვენი ვალიო.


გაიმამაცეთ მკლავები,

ქუდი მიარტყით ჭერსაო,

ახალს ახალი მოსთხოვეთ,

წესი აუგეთ ძველსაო!”


***


ჩემს შვილს თამარს


ხალხის მწარე ბედ-იღბალზე

ცრემლი ვღვარე მრავალი,

მაგრამ ცრემლი ცრემლად დამრჩა,

ვერ დავძლიე მტარვალი.


გული გატყდა, დაცხრა სულიც,

თმა შეჭრელდა ჭაღარით.

ხალხის ბედის აყვავება

აღარ ძალმიძს აღარრით.


ჩემი სულის მისწრაფებას

შენღა გიძღვნი, თამარო,

მინდა ჩემი იდეალი

აწ შენ ააკამარო!


ბედთან ბრძოლამ დამიდუნა

უღვთოდ გული და ხელი;

წინანდელის აღმაფრენით

ვერ ცახელობს ცახელი.


აწ ასპარეზს შენ დაგითმობ,

შენ გადმოგცემ აზრს და სულს

გულსა სჯერა, რომ შეავსებ

შეუვსებელ ჩემ წარსულს…


ერში აზრის სათესველად

აწ შენ გზრდი და გამზადებ,

და მჯერა, რომ ქვეყნისათვის

წმინდა მსხვერპლად თავს დადებ…


გულს ჩაშუქდა რაღაც ფიქრი

და იმის აზრს მივხვდი მე;

ვგრძნობ, რომ წელში იმართება

ჩაგრული და ტვირთმძიმე.


ჩქარა ქვეყნად გაიმარჯვებს,

ვინც დღეს არის ტანჯული,

ავს ავობა არ შერჩება,-

დროა მისი მსაჯული.


და იქამდე თუ მოგიკვდე,

დამფლა, დამასამარო:

ქვეყნის ბედზე საფლავში რამ

ჩამომძახე, თამარო!


***


ბებია და მისი შვილიშვილები


მძიმედ დაჭრილი მხეცივით

გამწარებულად მყვირალი,

მინდვრად და მთაში გლოვის ხმით

საზარლად ღმუის გრიგალი!


ხან რისთვის დაიგრიალებს,

თოვლსა ხვეტს მინდორ-ველადა

და ხეებს ჩაფიქრებულებს,

აკვნესებს გულსაწყევლადა!


ხან კი კარს უკან ქვითინებს,

თითქოს სიცივით კვდებაო,

და სახლში გასათბობელად

შემოსვლას გევედრებაო.


ცეცხლის პირს დამშვიდებული

ზის და საუბრობს ბებია,

მისი ხელობა ზღაპრები

და ძველი არაკებია.


მას ყურს უგდებენ მდუმარედ

იმისი შვილიშვილები,

გუგულებივით მის გვერდით

საყვარლად ჩასხდომილები.


ხან ჩააფიქრებთ ზღაპრები,

ხან წყნარად ჩაეცინებათ,

და რა სძლევთ ძილი,- ბებიის

მუხლებზე მიეძინებათ.


***


მკერავი გოგუცუნების სიმღერა


დროს ვეღარ ვკარგავთ, სწორებო,

მზემ ცაში იწყო ნავარდი,

დილის ნიავმა გაფურჩქნა

ცისფერი ია და ვარდი.


ხელსაქმეს ხელი მოვკიდოთ,

ტკბილად დავმღეროთ ერთიცა;

შრომისთვის კაცი დაგვლოცავს;

და მოგვიწონებს ხალხიცა.


შრომა ახარებს კაცის გულს

და ავარჯიშებს რონესა,

უქონელსა სძენს ქონებას,

მეტს აძლევს ცოტას მქონესა.


საქმეს შეუდგეთ სწორებო,

ხელიხელგადახვეულნი,

სწავლისთვის, მარტო სწავლისთვის

ვართ აქ ყველანი მოსულნი.


ვინც რომ შრომაში, სწავლაში

ბეჯითია და კარგია,

იგი ყველასტან ყოველთვის

ამხანაგადაც კარგია.


კეთილი საქმე ყოველთვის

შავ სიღარიბის მტერია;

ვინც წმინდა საქმეს ჯანს ახმარს,

ყველა მის მადლიერია.


***


"ილია ჭავჭავაძეს”

მოჰლეს მგოსანი… აღსრულდა

საქმე მტრის გულის ნებისა,

მოსპეს ტაძარი საქვეყნო,

სადგური ხელოვნებისა.


მოჰკლეს მგოსანი… შებღალეს

ფიქრში ნაწრთობი ჭაღარა,

დიდებულ შუბლით გამოსჩქეფს

ჭირნახულს სისხლი ღვარ-ღვარა.


ეს შუბლი უნდა შეემკო

ქვეყანას დაფნა-იითა,

ნაცვლად კი – აზრთა სადგური

შელეწეს მედგრად ტყვიითა.


მოჰკლეს მგოსანი მუხთლებმა,

დაგვმართეს საქმე საზარი,

დალეწეს, დაგვინაცარმტვრეს

ეს ხელოვნების ტაძარი.


აწ გათახსირდა ყველა ეს,

არარ აღენთოს ლამპარი,

ვერ ვნახოთ გრძნობა-სიტურფის

წინაშე მსხვერფლად დამწვარი.


მოჰკლეს მგოსანი!…შეწყდა ხმა,

მიდუმდა ჩანგი ფრთოვანი,

ამოშრა სიტყვის ნაკადი,

აზრთა ზღვა სურათოვანი.


არარაობამ შენს გულში

აზრთ ნაცვლად მოიკალათა;

შენგან შენამკობ ქვეყანას

გამოგასალმეს ძალათა.


ვაიმე! როცა გდევნიდნენ

რა ჭირმა შემკრა ბედშავი,

რად არ ვეკვეთნე შენს მდევნელთ,

რად არ გავსწირე მე ტავი.


თუ არ შემეძლო მებრძოლნა

შენებრ ძლიერის ენითა,

რად არ გაგერე მტერები

მე ჩემი სუსტის ღრენითა?!


ვაიმე!როცა გდევნიდნენ

რად არ შეგექმენ ფარადა,

რად არ გაისმა ჩემი ხმა

საკვდავი მთა და ბარადა,


რად არ შევკრიბე ყოველმხრივ

მსახურნი ხელოვნებისა,

და არ ჩავმიწეთ ენები

შენზედ ამტყდარის მტრებისა.


ვაიმე! რაკი შენს მდევნელთ

ხმა არ გავეცით მხდალებმა-

იქნებ იმისთვის შეგახეს

ხელი შენ ნაძირალებმა.


ლომის მყეფარა ქოფაკსა

თუ "სუს” არ გაუგონია,

გოშიაც წახალისდება

და თავი ლომი ჰგონია.


იქნებ ცილი რამ დაგწამეს

და არვინ გაჩნდა ქომაგი,

ჩვენზედ ფიქრობდი, რომ დავგმეთ

შენი წარსული ამაგი.


იქნება გული გაგიტყდა

და შენს ერს, აღზრდილს შურითა

აღსასრულის წამს უცქერდი

გულმშვიდის საყვედურითა!


ჩემს სიჭაბუკეს, სულმნათო!

შენ მარად ჰყავდი-აღმზრდელად,

შენთა ფიქრთა ზღვა ჩემს გულშიც

ღვიოდა მწარ-ტკბილ ნაღველად;


აწ გათახსირდა ყველა ეს,

შენთვის სამარე მზად არი,

ჩაქრა სანათი ბრწყინვალე,

გაუდაბურდა ტაძარი.







კატეგორია: პარმენ ცახელი | დაამატა: ciklopi (09.მაი.2013)
ნანახია: 795
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016