კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » გალაკტიონი

გალაკტიონი 4




ეიფელის კოშკზე 

არის მთასავით კოლოსალური
მარსის მინდორზე მდგარი შენობა.
მე ავდიოდი, ვით მოხარული
სვეტებზე ადის შუქთაფენობა.
ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,
პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,
ახლაც იგონებს, როგორ ავიდა
ამ სიმაღლეზე აკაკი წერეთელი!
(ვიღაცა სწუხდა მგონი ლექსებით,
რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,
რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით
ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).
მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი
და შევიწირე, ვით სახსოვარი,
ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,
ერთიც იდეა სწორუპოვარი:
რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!



ლაურა


ჟამსა სევდისას, მარტოობის, ჟამსა მწუხარეს,
ოდეს არსაით თანაგრძნობის ხმა არ მომესმის,
მე კვლავ ვოცნებობ ლაურაზე, იმ ლაურაზე,
რომელმაც სხივით გააშუქა სიცოცხლე მგოსნის.
სიყმაწვილიდან ვზრდიდი გულში მე იმის სახეს,
თავს ვევლებოდი ტკბილ ოცნებას, როგორც ფარვანა,
და როს პეტრარკას ნაზ სონეტებს ვიზეპირებდი,
ჩემთვის ლაურა იყო შორი, უცხო ქვეყანა:
მე არ მინახავს მისი სახე ჩემს სამშობლოში
და ვერცა ვნახავ ვერასოდეს ლაურას სახეს,
ასე უმიზნოდ, უალერსოდ სულს დავლევ ბრბოში
ასე მოვკვდები ჩემს საყვარელ საქართველოში,
ისე დამიგებს მე სიკვდილი აუცლელ მახეს,
რომ ვერ ვიხილავ ვერასოდეს ლაურას სახეს..




მე ხომ სხვა ვარ


მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი -
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე, როგორც დარჩა,
ამიერამდი,
ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა
ფერად-ფერადი..



აფხაზეთის წვიმა მიყვარს...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...



ყველა დასრულდა!

ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული...
ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთა მფრქვეველი,
და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული...

ფეხთ ქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,
მაგრამ ოცნება მაინც სცოცხლობს კვლავ, მომხიბლავი,
კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი..



შენი სადღეგრძელო

კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდა ვიდარდი
ასეც და ისეც, აქაცდა იქაც).

შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვსვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.

და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს!



მოვა... მაგრამ როდის?

შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სიცოცხლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ მქროლი.
აჰა, ვხედავ ლურჯა რაში
მიჰქრის საშიშ ჩქარი,
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი
დოვინ-დოვენ-დოვლი:
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.



პოეზია _ უპირველეს ყოვლისა!

სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია-უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:
პოეზია-უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია-უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები-როგორც პოეტს შეჰფერის,
სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,
პოეზია-უპირველეს ყოვლისა!



მერის თვალებით

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე.
თითქოს უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,
არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -
არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!



მზის ჩასვლა

მზის ჩასვლა იყო-ვით ანარეკლი
ძველი დიდების,
ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი
პირამიდების.
მე მივდიოდი ნანგრევზე ობლად,
ობლად შენს გამო,-
მწუხარედ ჰქროდა ციურთა სოფლად
ჩვენი საღამო.
ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი
ცის დასავალი,
ღრუბელმა მაშინ გაშალეს ველი,
ვარსკვლავთ სავალი.



ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი,-
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა-
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.



მე არა ერთხელ მქონია ფრთები

მე არა ერთხელ მქონია ფრთები
თავბრუდამხვევი სიმაღლით მქროლი,
ლურჯი ტრიალით ბრუნავდნენ მთები
და ირყეოდა ლაჟვარდი ბროლი.

და არა ერთხელ მიგრძვნია მაშინ,
რომ ის მიწები სხვა მიწებია,
დამვიწყებია მოწამვლა შხამით,
მაგრამ კივილში გამღვიძებია.

ვყოფილვარ ბევრჯერ სიკვდილის პირად,
ომში მინახავს ცეცხლის ვარდები,
იმ სიმაღლეებს ვიგონებ ხშირად:
არ მავიწყდება ის ლაჟვარდები.

1  2  3    5  6  7




კატეგორია: გალაკტიონი | დაამატა: ciklopi (10.აპრ.2013)
ნანახია: 1142
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017