გალაკტიონი 2 - გალაკტიონი - პოეზია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » გალაკტიონი

გალაკტიონი 2


როგორც სიზმარი

ვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას,
ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას,
მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სითყვის მიგებას
ჩემი წარსულის მჭერმეტყველ ენას.

იყო ცხოვრება შხამიანი და მოსისხარი,
ღამეა იგი თუ დღე ცისმარე.
წელიწადთ რიგი საშინელი და საზიზღარი
გადვიდა, როგორც ავი სიზმარი.



დგება თეთრი დღეები

დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.

ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;

სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.



ეს მშობლიური ქარია
I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა...
"ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვიარე ბინდებით
იბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი:
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ეცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II

ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
აკიდოების მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III

შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.



ისევ ეფემერა

რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,
ჩუმი შრიალი საიდან არი?
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს:
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

დუმილი გახდა ვიწრო გალია,
დაუძინარი და უჩინარი,
მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,
მარად და მარად ტყდება ჩინარი.

როგორც ჩინარი - ისე პოეტი,
მისთვის სიმაღლე არის წამება,
არა ღიმილით და ალოეთი
დაჰფარავს მტერთა ცილისწამება.

ის - მაღალია, დიდია მაინც!
მისთვის მოისმის ზარების ზარი:
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.

პოეტს მაისის სიზმრების ხილვით
ესარკებოდა პარიზის რკალი,
მაგრამ უეცრად ქარტეხილივით
მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.

დემონიური არევ-დარევით
ყოველი მხრიდან ავარდა ალი.
სულში დაჰქროდა ქალი ქარივით
და შეშლილივით ჰკიოდა ქალი.

ჰო, ლელიანი მაშინ დაქანდა,
ვით მწვერვალიდან მერანი მალი.
კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდა
და არ ტიროდა არც ერთი ქალი.

ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!
მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი,
რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:
"მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი”.

და პაგანინიც... ორგიის ბადეს...
მაესტრო თასით გადაჰკრავს ღვინოს,
ესტრადა ნათელ იმედად ბადებს
აშლილ ვოლტორნებს და პიანინოს.

ის დანდობილი იღებს ჭიანურს
და სასახლეებს ჰაერში მოდებს,
რომ მხარეები შეაჭიანოს
და ლეგენდები შორით ისმოდეს.

არა! არაა იმედი სიმად,
ქალნი ლანდობენ თლილი თითებით,
სიმებთან ერთად ატირებს იმათ
თვალების ნაზი ქრიზოლიტებით,

მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს,
ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს,
არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკეს
და უიმედო საპირფარეშოს.

როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,
ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,
თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,
გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.

და ტრიალებენ ბორბლები ჩქარა
და, ინთქებიან ორთქლში გვერდებით.
ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი,
ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?

დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა!
ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა,
და სასტიკია, როგორც გეენა,
მისი სისწრაფის ულმობელობა.

და ახრჩობს თავის ცხელი თითებით
მასვე, ვინც იმას სული შთაბერა,
მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებით
მას მოიგონებს ბედის სხვა წერა.

და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერ
ნისლიან ღამით, ნისლიან ღამით,
მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასცა
და ის ელოდა წამითი-წამით

ჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად.
რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი,
გაუშუქებლად დარჩება მარად -
ასეთი არის მისი პორტრეტი.

იგი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს,
ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი.
სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს,
ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!

ეშაფოტიდან უყურებს შორს პანს
დღემდე თვალების გამხდარი რეტი.
ასეთი არის მისი პორტრეტი...
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს ...



კახეთის მთვარე

ცა ვარსკვლავების ჭიქით
გადაფარული არის,
აი, ტყეების იქით
მოჩანს ბუნაგი მთვარის.

ჩვენ მივდიოდით მთაში,
ვერხვი ღელავდა კოხტა.
სულ დაგავიწყდა მაშინ,
რაც წინაღამით მოხდა.

გრძნობა, პირველი თემა...
გრძნობა პირველი დღისით,
მოგონებები ჩემი,
მოგონებები სხვისი

გრძნობა, ცხოვრება ზღვაა...
გრძნობა, იცვლება მხარე,
მთვარე კახეთში სხვაა,
სხვაა თბილისში მთვარე.



* * *

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.



* * *

გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.

აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.

იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,

და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.

წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.

გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.

იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.

ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...

დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!.. 



არა ერთი ორი 

არა ერთი და ორი,
არა ორი და სამი,
მახსოვს ვარსკვლავი შორი
და განათების წამი.
შენ, გალაკტიონ, იცი
რა დაუდევრად ჩქარა
ქრება ქალების ფიცი.
წყნარად იარე, წყნარად.
და მეგობრული ვერსად
ვარ გიპოვნია თასი.
კმარა, Poeise Verso!
რაა სიცოცხლის ფასი?
მაღალ ალვათა რიგნი
მთვარეს მწვერვალებს უხრის.
დახურულია წიგნი
უკანასკნელი მწუხრის.

1    3  4  5  6  7




კატეგორია: გალაკტიონი | დაამატა: ciklopi (09.აპრ.2013)
ნანახია: 930
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016