კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » პოეზია » ანა კალანდაძე

ანა კალანდაძე

კვლავ ნათლის სვეტად!

წმინდაა თქვენი გამოცხადება, -
შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას
კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...
ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან
კვლავ ნათლის სვეტად წამოდგებოდა!



***
ვხედავ სერაფიმს თვალმოციმციმეს, -
იგი საუფლო წიაღით მოფრენს:
გულს ისევ ისე მომხსნის სიმძიმეს
და კვლავ ღვთაებრივ სიმშვიდეს მომფენს!



***
ყოფილა ის დროც
(კვლავ ცასა ვვედრებ!), -

საერთო ენა ჰქონია ქართლსა,
ერთს ვფიცულობდით
ქართველნი ხატსა,
მანც მოგვიყვანა
დღევანდელ დღემდე!!



ხმანი ვერ სცანით!

(დავითისისტორიკოსისმიხედვით)

წაღმა-უკუღმა
ფრენენ ისარნი,
შეაზანზარეს
ბურჯნი ცისანი...
მაბრალობლებო
დავითისანო,
ხმანი ვერ სცანით
განგებისანი!



***
დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -
თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...
იყავით,
ხართ
და
იქნებით მერეც,
როგორც სიკვდილი და ბედისწერა!
ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,
ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,
ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,
გადააფაროთ ბნელი სამყაროს!



***
ცილისწამების შხამით ამვსები
შენს წმინდა სახელს რად ეტმასნება,
რომ... ხეს კეთილსა ძირი უთხაროს,
კაცთ მოუშალოს ნავსაყუდარი?
რომ... მიმქროლავნი სპეტაკ ღრუბლებად
შეგრყვნან, შეგბილწონ, თავისუფლებავ,
რომ ანგელოსის ხატი გვავიწყონ
და კვლავ სატანა გამოაღვიძონ?

მარადიული მაბრალობლებისადმი

დიდებულებო, იმ ბრბოში, ეგერ
(ყოვლი ცოდვა რომ ქვეყნად დაჩრდილა!)
ვდგავარ და ვითხოვ:
- ჯვარს აცვით ეგე! -
ნუთუ... დღემდე ვერ
"აღმომაჩინეთ"?!



რომელ კანონში წერია?!

გარდაისახე პირჯვარი,
შავი შეკაზმე ცხენია,
ქამანდი სტყორცნე ლემადეს,
წამით დაკეცა ფრთენია, -
შენად იგულვე!..
იმას კი...
კვლავ ცხრა მთა გადუფრენია:
მინდორში ქარის დაჭერა...
რომელ კანონში წერია?!



***
გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი,
ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა!
სად არს ნათელი შენი უებრო,
კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა?
სად არს ნათელი?



***
შემოგღაღადებთ სამადლობელს
ძალთა ცისათა
სულ მცირე ჟამის, წუთიერის
სისავსისათვის:
ადგა ყვავილნარს ანგელოსთა
მჭვირვალე ჩრდილი,
ლაღად ყვაოდა საუკუნო
სამეფო მტილი!



აჰა, ისევე!

ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა
თითქოს... არსაით!
მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა,
ეს ხმა ვისია?
მარადისობავ, სით მეწევი?
აჰა, ისევე
ცის დასალიერს
მირიადი
დაჩნდა
ვარსკვლავი!



***
დროთა ველურთა შემობრუნებავ,
ჰა, შენეული მახვილ-ისრები...
ამხედრებულან ისევ ჰუნები,
ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე!
ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა,
სისხლიან გზებით მოთქარუნობენ...
აღარ თავდება ჩვენი გოლგოთა,
დროთა ველურთა შემობრუნებავ!



არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა!

(დემეტრე თავდადებულის გახსენება)

წარჩინებულთა ურჩიეს გაცლა,
იქით, მთიულეთს გადასვლა ვედრეს...
- არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა,
ბეწვზე კიდია სამშობლოს ბედი,
არ მსურს, ცოდვაში ვიხეტიალო,
ბოლომდე შევრჩე მეფობას შვებით! -
...................
იცოდა, - იტყვის მემატიანე, -
ო, ყოველივე უწყოდა მეფემ!



მარტინ ლუთერის ძეგლთან დრეზდენში

(როგორც ცნობილია, XVI ს-ში დიდმა გერმანელმა მოღვაწემ, მარტინ ლუთერმა, გერმანულად თარგმნა ბიბლია)

კაცთმოყვარებით გვმოძღვრავს,
ომს შეჩვენებას უთვლის,
მაგრამ... კაენის ძეთა
ცეცხლი
სამყაროს
უნთეს!
სიკვდილს სიცოცხლემ სძლია, -
მოხუცს მივაგებთ კუთვნილს:
გვირგვინს დავუდებთ ფეხთით
წიგნზე დაყრდნობილ ლუთერს...



პიკასოს უკვირს

(ზოგიერთი ვაიჟურნალისტის მიმართ)

უკვირს პიკასოს: როგორ "ავხსნა,"
ზეცა ვით მწყალობს,
უზენაესის შთაგონებით
ვით ვარ დანთქმული?
რად არ კითხულობთ, მაგალითად,
ჩიტი ვით გალობს,
ან...
როგორ ვსუნთქავ,
ხელებს... სულში
როს მიფათურებთ?!



დაგვიანებული პასუხი ერთი გაზეთის რედაქციისადმი

ცამდე მართალთა დღესაც იმეტებთ,
მედროვეობით ძლევამოსილნო,
დღესაც... გგონიათ ოცდაჩვიდმეტი
და "სათანადოს" თითხნით დოსიეს!
გზა სიმდაბლისა... მხოლოდ ჯიბრია, -
და, ჰა, გაზეთიც უფლის გზას ასცდა!
"არ გამივლია, - ბრძანებს "ბიბლია", -
არ არის სიბრძნე მოშურნე კაცთან"!
თქვენს წინ... "ნათელი გზა" კვლავ შლილია,
შუქს აგინთებენ მწვანეს ხვალენი!
კორესპონდენტნი ნუ დაგილიოთ
ოცდაათ ვერცხლად "მოტანტალენი"!

სამაგიეროდ...

შეგვრისხეთ, ხშირად
გვითხარით მწარეც, -
სამაგიეროდ...
მზეს უღებთ კარებს!
დიდება ქვეყნის
უახლეს ძალებს:
იბრუნებს მიწა,
სითკენაც...
ბრძანებთ!



ქვაბ ავაზაკთა...

ზოგს... მანიაკის ერჩიოს თავი:
გულს ფხანს ის შხამი,
მასში რაც არი!
დიახ, წასულა რაინდთა ჟამი,
ქვაბ ავაზაკთა ქმნილა ტაძარი!



***
თუ კვლავ მომიხმო განგებამ,
ჩემს წინ ნაირ გზებს შლიდეს,
ჩაიც არ მსურდა,
მინდოდა,
კვლავ არ მსურდეს და მინდეს!



***
ისარგებლეთო, მზეს ხედავთ ვიდრე,
როს სული ნაირ საუნჯეს გიშლით:
კარგს ვერას შექმნის, დაგვმოძღვრავს დიდრო,
ვინც შეპყრობილა სიკვდილის შიშით!



***
გადიგუგუნა თუმც ქარიშხალმა,
ვარსკვლავი გაკრთა შორს იდუმალი...
ეს გარინდებაც...
მოწვეთავს შხამად, -
მზაფრავს უდაბნოს ავი დუმილი!..



წუთიც კი!..

აღმოხდომია დიდ წინაპარს
(ჯერ კიდევ როდის!):
უნასი სჯობსო,
ნუ შემამთხვევ
ავყიად შობილს, -
მასთან... წუთიც ხომ...
ჩვენ სიცოცხლის
მოწამვლად
გვყოფნის?!



***
აჰა, ისევე ჩაუხერგავთ
ბაღის კარები,
ტურფად უშლიათ სად ზეფირთა
ყვავილნარები...
მაგრამ, რადგანაც ჩაინავლა
შენგანვე ღველფი,
გული არ მიწევს კვლავ ზეციურ
ყვავილთა კრეფად!



***
შენ აღზევდები, ჭეშმარიტებავ,
და კვლავ ააცდენ ქვეყანას მეხთა,
თუ... მავანი კვლავ გაიყიდება
და დაემხობა მამონას ფეხთან!



***
დამამხობელი ყოველთა ბნელთა,
აჰა, დგას ჩემს წინ
ნათელმოსილი,
ვისაც მარადის მივყავართ მზესთან,
ეს სულის ჩვენის ანგელოსია!



***
ჩინებულ, დიდებულ მეოცეს ვამთავრებთ, -
მტერი - კვლავ ფხიზელი,
ჩვენ ისევ... მძინარი!
სატანამ მიწები კვლავ ჩამოგვათალა,
ჩხრიალებს,
ჩხრიალებს,
ჩხრიალებს
დინარი!



მწამს, სხვა იქნება!

განთიადისას თვალს ვავლებ სივრცეს,
ცაო მაღალო,
ისევ იგივე:
ზღვის მიყუჩებულ, მთვლემარ ტალღებზე
კრთის საოცარი ნათლის გვირგვინი!
ჩამაფიქრებელ უცხო ჩვენებას
მონუსხულივით კვლავ თვალს ვადევნებ:
მადლობა უფალს, მადლობა უფალს,
მწამს, სხვა იქნება დღე დღევანდელი!



***
დიდება, დიდება,
ზარები არისხე,
არისხე ზარები
კეთილზე ვედრებით...
იზრუნოს, იზრუნოს
ხვალემან ხვალისა,
დიდება, რომელსაც
კვლავ ეიმედები!



მინაწერი რუსთველის
პორტრეტზე

დრონი მეფობენ! -
სიბრძნეა ძველი,
მათ წინ მარადის
ძველია კრთომაც!
სახელი შენი -
დრო-ჟამთა ზევით,
მასზედ მარადის
ნათელთა თოვა!



***
კვლავ განსაცდელი! დავძლევთ მასაც!
წყვდიადს გაუვალს
შერჩებით თქვენვე - მართალთ გზებზე
ავად მყეფარნი:
"ბოროტი საქმე დღის სინათლეს
ვერსად წაუვა,
თუნდ დასამალად დედამიწა
გადაეფაროს!"



***
ოდეს მავანნი "წახდომითა
შენით" თვრებიან
და როს იზრახვენ, შურისგების
აღმართონ ჯვარი,
იწყვლენ მახვილით და მე ვგრძნობ, რომ...
შენია მსჯავრი, -
რომ წრფელის გულის თუნდაც...
"ცოდვაც"...
არს
უნებლიე!



***
ზაფხულის მინდვრებს ცეცხლი გზნებია,
მყუდროებაა მზე-მთვარის ქვეშე...
ცისქვეშეთს უცხო ხმა მოსდებია:
იყოსო ქართლი
მარადის
მზეში!



ისევ შტორმები!

ძლივს!
ნავსადგურის
შუქი იალებს!
მაგრამ... ზღვას ისევ
გრიგალი აშლის...
მყუდრო ყურე და
შტილი კი არა,
ისევ შტორმები
და...
ისევ...
ზღვაში!








კატეგორია: ანა კალანდაძე | დაამატა: ciklopi (10.აპრ.2013)
ნანახია: 3235
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017