კ
კალაპოტში ჩადგომა - ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგომა, დალაგება, ნორმალური გზით წასვლა
კალთის გადაფარება - მზრუნველობა, მფარველობის გაწევა, შველა, დახმარება
კალთის დაბერყვა - ყოველგვარი სიკეთის, დოვლათის უხვად მიცემა
კალთის დაგლეჯა - ხვეწნა, მუდარა, ჩაციებით თხოვნა
კალმით ნახატი - ძალიან ლამაზი, მშვენიერი
კამარის შეკვრა - მაღლა ახტომა და შორს დაშვება; ფრენით ნახევარწრის გაკეთება. მაგ. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა (ილია).
კარგი თვალით უყურებს - კარგად ეპყრობა, ენდობა, აფასებს
კარგი ჭოტი დაიჭირა - ცუდი რამ შეემთხვა
კარის ატალახ(იან)ება - მომაბეზრებლად ხშირი სტუმრობა, ხშირად წვევა
კაცია და გუნება - ყველას თავისი ხასიათი და მისწრაფება აქვს; ზოგს ვინ (რა) მოსწონს და ზოგს ვინ (რა)
კბილები უკაწკაწებს - შია, სწყურია, ძალიან უნდა
კბილებს ილესავს (ვინმეზე, რამეზე) - სამტროდ, საჩხუბრად ემზადება; (ვისიმე, რისამე) ხელში ჩასაგდებად ემზადება
კბილის გასინჯვა - შემოწმება; გამოცდა (ყიდვის დროს, ზოგ შინაურ ცხოველს ხნოვანების შესამოწმებლად კბილებს უსინჯავენ, აქედან მოდის ეს გამოთქმა)
კბილის ჩასობა - ამოჩემება, ჩაცივება, გადაკიდება; შეძულება, ათვალწუნება, გადამეტება
კედელს თავს ახლის - გამწარებული, სასოწარკვეთილი რისამე გაკეთებას ცდილობს
კერაზე წყლის დასხმა - ოჯახის დაქცევა, განადგურება, კერის გაცივება
კერის გაცივება - ოჯახის მოშლა, დანგრევა, განადგურება
კვალის გავლება - საყურადღებო შედეგის მიღწევა, თვალსაჩინო წვლილის შეტანა (რამეში), კვალის დატოვება
კვალში ჩადგომა - ვისიმე მოქმედების, საქმიანობის ან რაიმე მოვლენის გულდასმით შემოწმება, გამოკვლევა, გამოჩხრეკა
კვანძის გახსნა - რთული, დახლართული მდგომარეობის გარკვევა; გარემოებათა ხლართიდან გამოსვლა (მხატვრულ ნაწარმოებში)
კვერის დაკვრა - დადასტურება, დამოწმება, დათანხმება
კიედც ჭრის და კიდეც კერავს - ერთიმეორის საწინააღმდეგოს ამბობს (ან მოქმედებს), ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს
კინჩხი და კისერი უტეხია! / კისერი(მც) (მო)უტეხია! - რაც უნდა, ისა ქნას! ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია! თავში ქვა უხლია!
კინწის კვრით - ცემით, კისრის ტეხით
კისერზე დაწოლა - (ვისიმე) სარჩენი, მოსავლელი გახდომა
კისრის მოგრეხა - დამარცხება, განადგურება, მორევა
კისრის მოდრეკა - დამორჩილება, ქედის მოხრა
კისრის მოტეხა - დამარცხება, მოსპობა, დაღუპვა; მორევა, დამორჩილება
კოვზის ნაცარში ჩავარდნა - მარცხის განცდა, წამოწყებული საქმის ჩაშლა, იმედის გაცრუება
კრიჭაში ჩადგომა - ჯიბრში ჩადგომა, წინააღმდეგობის გაწევა, ქიშპობა
კრიჭის შეკვრა - დადუმება, ხმის ჩაწყვეტა, გაჩუმება
კუბოს კარამდე - სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე
კუდების გასკვნა - კავშირის შეკვრა, შეთანხმება, კუდზე კუდის გადაბმა
კუდი ყავარზე აქვს გადებული - ყოყოჩია, მედიდურია, ამაყია, კუდაბზიკაა, მეტიჩარაა
კუდით ქვა ასროლინა - სასტიკად დაამარცხა, შავი დღე აყარა, სამარცხვინოდ გააქცია
კუდის ამოძუება - შერცხვენილი, გაწბილებული, დამარცხებული გაქცევა, გაპარვა
კუდის გამობმა - ვისიმე ნათქვამის ან ნამოქმედარის ცუდად გაგება, რისამე განზრახ მიმატება. მაგ. მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება (დ. კლდ.)
კუდის კუდზე გადაბმა - ერთმანეთთან შეკავშირება, ერთმანეთის მხარის დაჭერა (უმთავრესად ცუდ საქმეში)
კუდის მოქნევა - ერთხელ კიდევ წინანდებურად მოქცევა, ცუდი, არასასიამოვნო რამის ჩადენა
კუდის ქიცინი / კუდის ქნევა- მლიქვნელობა, პირფერობა, ლაქუცი
კუს ნაბიჯით - ძლიერ ნელა, ზლაზვნით
ლ
ლაგამის ამოდება - შეზღუდვა, დამორჩიელბა, ალაგმვა, იძულებით გაჩერება; გაჩუმება, ხმის გაწყვეტა
ლაგამის მიშვება - თავისუფლად მოქმედების უფლების მიცემა, აღვირის მიშვება
ლაფში ამოსვრა (ვისიმე, რისამე) - შეურაცხყოფა, სახელის გატეხა, შერცხვენა (ვისიმე, რისამე), თავზე ლაფის დასხმა
ლელოს გატანა - გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება
ლეჩაქის დახურვა - შერცხვენა, თავის მოჭრა (იტყვიან მხდალობის ჩამდენ მამაკაცზე)
ლეჩაქის მოხდა - შერცხვენა, სახელის გატეხა, თავის მოჭრა (იტყვიან ქალზე)
მ
მაგარი ზურგი აქვს - გავლენიანი მფარველი ან ძლიერი მოკავშირე ჰყავს
მამა აბრამის ბატკანი - ვითომც უმწიკვლო, უცოდველი, მართალი ადამიანი (ითქმის ირონიულად)
მარცხენა ფეხზე ამდგარა (ვინმე) - უგუნებოდაა, ცუდ ხასიათზეა (ვინმე)
მარჯვენა ხელი (ვისიმე) - საიმედო, ერთგული, ყოველგვარ საქმეში დამხმარე
მარჯვენის მოჭრა - ერთგული, საიმედო პირის ან საჭირო ნივთის დაკარგვა
მაღლა აყენებს (ვინმეს, რამეს) - ამჯობინებს, უპირატესობას აძლევს, დიდად აფასებს (ვინმეს, რამეს)
მაღლა დგას (ვინმეზე, რამეზე) - (ვინმეზე, რამეზე) უკეთესია, მეტის შემძლეა, უფრო განვითარებულია
მახეში გაბმა - გამოუვალ, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება
მახის დაგება - საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა
მე შენ გეტყვი! - განა! შენ გგონია! (რამეში სრულიად დარწმუნების შემთხვევაში იტყვიან). მაგ. ინჟინერი მაგისთანა უნდა, - ამბობდნენ ხშირად მუშები, - თუ ბიჭი ხარ, ამოუდექი გვერდში! მე შენ გეტყვი, მოატყუებ (ა. ბელ.)
მეორედ დაბადება - რაიმე კარგის, მეტის-მეტად სასიამოვნოს, გამაბედნიერებელის შემთხვევა, ძალიან გახარება, აღტაცება
მეორედ მოსვლა - საშინელება, უბედურება, კატასტროფა
მეტი არ აგიდგა გვერდები! - არ მოხდება, არ გეღირსება (რამე)
მეტი რა გზა აქვს - მეტი საშუალება, მეტი გამოსავალი არა აქვს
მეტი რა ჩარაა - სხვა გამოსავალი, სხვა საშუალება არ არის, მეტი გზა არ არის (სპარსულად ჩარე ნიშნავს: ილაჯი, ძალა, ღონე)
მეშვიდე ცას ეწევა (სიხარულით) - ძალიან უხარია, აღფრთოვანებულია
მეცამეტე გოჭი - მეტიჩარა, რამკითხე (ცნობილია, რომ დედაღორს 12 ძუძუზე მეტი არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ მან 13 გოჭი დაბადა, მაშინ მეცამეტე ზედმეტია, აქედან მომდინარეობს გამოთქმაც)
მეხად დაატყდა (რამე) - მეტისმეტად ეწყინა (რამე), შეაძრწუნა (რამემ)
მეხი დაატყდა თავზე - დიდი უბედურება შეემთხვა, შეძრწუნდა
მზე ამოუვიდა (ვისმე) - გაბედნიერდა, კარგი რამ შეემთხვა, ტანჯვას თავის დააღწია
მზე და მთვარე ამოსდის (ვინმეზე) - ყველაზე მეტად, უზომოდ უყვარს (ვინმე), შეხარის (ვისმე), (ვისიმე) იმედით ცოცხლობს
მზე პირს იბანს - მზიან ამინდში წვიმს
მზე ჩაესვენა (ვისიმე, რისამე) - (ვისიმე, რისამე) საქმე ცუდად წავიდა, დამარცხდა (ვინმე), განწირულია (ვინმე)
მზეზე გამოტა (რისამე) - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება (რისამე), დღის სინათლეზე გამოტანა
მზის დაბნელება - სიკვდილი, სიცოცხლეს გამოსალმება
მთა და ბარის გასწორება - ყველას და ყველაფრის გათანაბრება, გათანასწორება (უფლებრივად)
მიაბარა სული უფალს - მოკვდა, სული განუტევა
მიაყარე ცერცვი კედელს! - არაფერი გამოვა, ამაოდ ჩაივლის, ბევრიც რომ ეცადო, უშედეგოდ დარჩება
მიზანში ამოღება - გადაკიდება, ათვალწუნება, მტრული მოქმედების საგნად გახდა, მიზანში ამოღება; ამორჩევა
მიწამ ჩაყლაპა - ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა
მიწასთან გასწორება - მოსპობა, განადგურება; დამცირება, გაქელვა, პატივის ახდა
მიწის პირიდან აღგვა - მოსპობა, განადგურება, გადაშენება, დედამიწიდან აღგვა
მიწის შვილი - ადამიანი; ამქვეყნიური არსება
მკვდრეთით აღდგომა - დაღუპვის პირზე მყოფის ან მძიმე ავადმყოფის გადარჩენა
მოკლე ფეხები აქვს (რამეს) - დიდხანს ვერ გაძლებს, მალე მოისპობა
მოუკრეფავში ნუ გადადიხარ - ნუ აკეთებ იმას, ან ნუ ლაპარაკობ იმას, რაც შენი საქმე არ არის, რაც შენ არ გეხება, საზღვარს ნუ გადადიხარ
მოუსავლეთში გაგზავნა - მოკვლა, წუთისოფელს გამოსალმება
მოუსვი ბაყაყური! - წადი! დაიკარგე! მოუსვი! აქ არ გაჩერდე!
მტვრის ადენა - გაცამტვერება, აწიოკება, ბდღვირის ადენა
მუსრის გავლება - ამოწყვეტა, განადგურება, მოსპობა, გაჟლეტა
მშრალზე დარჩენა - მოტყუებული, პირში ჩალაგამოვლებული დარჩენა, ცარიელზე დარჩენა
მხარე უჭირავს (ვისიმე) - ეხმარება, ემხრობა, ექომაგება, ხელს უწყობს (ვისმე)
მხარი მხარს მისცეს - ერთმანეთს დაეხმარნენ, მხარი დაუჭირეს, მხარში ამოუდგნენ
მხარი უქცია - სხვა მხარეს წავიდა, მიმართულება იცვალა; მოშორდა, გაეცალა
მხარის აქცევა - ორიენტაციის, მიმართულების გარკვევის, გზის გაგნების უნარის დაკარგვა, დაბნევა
მხარის დაჭერა - დახმარება, მიმხრობა, გვერდში ამოდგმა
მხარის მიცემა - დახმარება, შველა, მხარის დაჭერა, თანაგრძნობის გაწევა
მხარს უმშვენებს - მასთან არის, გვერდში უდგას (უზის), ახლავს, გვერდს უმშვენებს
მხარს უსწორებს - უტოლდება, უთანაბრდება
მხარში ამოდგომა - დახმარების გაწევა, შველა, გვერდში ამოდგომა, მხარის მიცემა
ნ
ნავსის გატეხა - პირველად გაკეთება იმისა, რასაც მანამდე არ ან ვერ აკეთებდნენ
ნამუსის მოწმენდა - უხერხულობის დაფარვა, სათაკილო საქციელის გამართლება, მობოდიშება
ნაღველი მოერია - დასევდიანდა, დაღონდა, დადარდიანდა
ნაცარტუტად ქცევა - მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება
ნაცარტუტის ადენა - მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება
ნაცრის ქექვა - უსარგებლოდ შრომა, წყლის ნაყვა; უსაქმურობა
ნემსის ყუნწში ძვრება - ყოველ ღონეს ხმარობს, არაფერს ერიდება (მიზნის მისაღწევად)
ნერვების აშლა - განერვიულება, აღელვება, გაღიზიანება
ნიადაგის გამოცლა (ფეხქვეშ) - საფუძვლის, საყრდენის მოსპობა
ნიადაგის მომზადება - საჭირო პირობების შექმნა (რისამე განსახორციელებლად)
ნიადაგის მოსინჯვა - რისამე შესაძლებლობის შემოწმება, გასინჯვა, შესწავლა, ვითარების გათვალისწინება
ნიავს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა
ნირის შეცვლა - წესის არევა, ზნე-ჩვეულების გამოცვლა; განზრახვის, სურვილის შეცვლა (ნირი - წესი, რიგი, გეზი, მსვლელობა; ზნე, ჩვევა, ხასიათი)
ნიღაბის ახდა/ნიღაბის ჩამოგლეჯა - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, დღის სინათლეზე გამოტანა, ნამდვილი სახის ჩვენება
ნიშანში ამოღება - გადაკიდება, ათვალწუნება, მტრული მოქმედების საგნად გახდა, მიზანში ამოღება; ამორჩევა
ნიშნის მიგება - გამარჯვებული ტონით რისამე გახსენება, მოგონება
ნიშნის მოგებით - გამარჯვებულის ტონით; დაცინვით, გესლიანად
ო
ოთხში ამოღება - დაუზოგავად ცემა, ჯავრის ამოყრა, შავი დღის დაყრა; გაუჭრელად გატყავება, მთლიანად ტყავის გაძრობა
ორ სკამზე ჯდომა - მერყეობა, უპრინციპობა
ორ ცეცხლშუა ყოფნა - გამოუვალ მდგომარეობაში, განსაცდელში ყოფნა, ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა
ორ წყალშუა დგომა - ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა, გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში ყოფნა
ორმოს უთხრის - ღალატობს, საფლავს უმზადებს, მახეს უგებს
პ
პასუხი აგო - თავისი საქციელისა და მოქმედებისათვის პასუხი მოსთხოვეს; დანაშაულისათვის სამსჯავროზე წარსდგა, სასჯელი მიიღო
პატივის დადება - დაფასება, პატივისცემა
პილატეს ცრემლები - არაყი, ალკოჰოლური სასმელი
პირზე აკერია (ვინმე, რამე) - წარამარა ახსენებს (ვინმეს, რამეს), მუდმივად ლაპარაკობს (ვინმეზე, რამეზე), პირზე აკერია (ვინმე, რამე)
პირზე ბოქლომის/კლიტის დადება - გაჩუმება, დადუმება, ხმის ჩაწყვეტა
პირიდან თაფლი გადმოსდის - ტკბილად, ალერსიანად, სასიამოვნოდ ლაპარაკობს, ტკბილი საუბარი იცის
პირიდან ლუკმის გამოცლა - უკანასკნელ საარსებო საშუალებათა წართმევა, მშრალზე დატოვება
პირიდან შაქარი ამოსდის - ტკბილად, ალერსიანად, სასიამოვნოდ ლაპარაკობს, ტკბილი საუბარი იცის
პირიდან ცეცხლს ყრის - განრიცხებულია, გააფთრებულია, გაანჩხლებულია; ყოჩაღია, მკვირცხლია, შეუპოვარია
პირის აკვრა - გაჩუმება, დადუმება, განგებ ხმის გაკმენდა, არაფრის თქმა
პირის გატეხა - პირობის დარღვევა, დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, სიტყვის გატეხა, ღალატი
პირის გემო - შეჭამანდი
პირის მორიდება - მიტოვება, ხელის აღება, ზურგის შექცევა
პირის მოშვება - ალაპარაკება, ყბედობის დაწყება
პირის მოხსნა - დაწყება გაუთავებელი ყბედობისა, ლაქლაქისა
პირის შეკვრა - შეკავშირება, შეთანხმება (უმთავრესად, ვისიმე წინააღმდეგ სამოქმედოდ)
პირს კატა ეცა - გაოცდა, სახტად დარჩა (არასასიამოვნო მოულოდნელობისაგან)
პირში ბურთის ჩაჩრა - გაჩუმება, ხმის ჩაწყვეტინება, რისამე თქმის საშუალების მოსპობა
პირში მიხლა - უხეშად, უკმეხად თქმა
პირში სული უდგია - ცოცხალია
პირში ჩავარდნა (ვისიმე) - (ვისიმე) სალაპარაკოდ, ცუდად ხსენების ობიექტად გახდომა
პირში ჩალაგამოვლებული - მოტყუებული, იმედგაცრუებული, ცარიელზე დასმული
პირში წადგომა/პირზე დადგომა - დაპირისპირება, მხილება, პირდაპირ თქმა
პირში წყლის დაგუბება - გაჩუმება, ხმის გაკმენდა, არაფრის თქმა
ჟ
ჟამი დარეკავს - დრო დადგება
ჟრუანტელის დავლა - გაჟრჟოლება (რაიმე განცდის გამო)
რ
რა ბედენაა? - რა განსხვავებაა? რა მნიშვნელობა აქვს? სულ ერთია!
რა თავში იხლის! - რაში გამოადგება! რაში სჭირდება!
რა წყალში გადავარდეს! - რა ქნას, როგორ მოიქცეს!
რა შუაშია! - ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა, (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის
რა ხელი აქვს! - რა უფლება აქვს! რა ესაქმება! რა მისი საქმეა!
რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს - მისი ნებასურვილის, მისი კარნახის მიხედვით მოქმედებს, განუსჯელად იმასვე იმეორებს, რასაც ეუბნებიან, დამოუკიდებლობა არ გააჩნია.
რეტის დასხმა - იგივე თავბრუს დასხმა - გაბრუება, დარეტიანება; ზედმეტად გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა.
რის ყოფით - ძლივსძლივობით, გაჭირვებით, წვალებით, ვაივაგლახით; ხმაურით.
რკინის უღელში შებმა (ვისიმე) - გაწამება, დატანჯვა (დიდი შრომით), დაჩაგვრა.
რძე არ შეშრობია პირზე - ძალიან პატარაა (ასაკით), ძალიან ახალგაზრდაა, ბავშვია.
რწყილს ატყავებს - უნდა ყველაფერში სარგებელი ნახოს.
რჯულამდის ჩაყოლა - ჩაცივება, არ მოშვება, ბოლომე გამორკვევა (რისამე).
ს
საერთო ენის გამონახვა / საერთო ენის მოძებნა- შეთანხმება, შეგუება, საერთო აზრის გამომუშავება.
საიქიოს გასტუმრება - მოკვლა.
საკუთარ ფეხზე დგომა - დამოუკიდებლობის მოპოვება.
საკუთარ ქერქში გამოხვევა - კარჩაკეტილად ყოფნა.
სამარეს უთხრის - ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.
სამარისკენ იყურება - მალე მოკვდება, მისი დღეები დათვლილია, ცალი ფეხი სამარეში უდგას.
სამარცხვინო ბოძზე გაკვრა - გაკიცხვა, საქვეყნოდ შერცხვენა, გამათრახება.
სარჩულად უდევს - მიზეზია, საფუძველია (რისამე).
სასახლე მოზომა / სასახლე ააგო - წაიქცა, გაიშხლართა.
სასწორზე შედგება (რისამე) - საალალბედოდ, სათუოდ გახდა, საფრთხეში ჩაგდება (რისამე).
საფლავის კარამდე / კუბოს კარამდე - სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე.
საფლავს უთხრის - იგივე, რაც სამარეს უთხრის - ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.
საქმის გაჭირვება (გამიჭირა საქმე) - თავის მობეზრება, გულის გაწყალება.
საღერღელის აშლა - მოსურვება, მონდომება, მადის გაღვიძება.
საშველს არ აძლევს - არ ეშვება, ჩააცივდა, არ ასვენებს, აწუხებს.
საწველი ფური - შემოსავლის, სარგებლის, გამორჩენის წყარო (მოტყუების ან დაბრიყვების საშუალებით).
სახეზე ღრუბლის გადაფარება - მოწყენა, დასევდიანება, ცხვირის ჩამოშვება.
სახელის გათქმა / სახელის მოხვეჭა / სახელის მოპოვება- ავტორიტეტის მოპოვება, ცნობილი, სახელგანთქმული გახდომა.
სახელის გატეხა / სახელის გაფუჭება / სახელის წახდენა - შერცხვენა, ავტორიტეტის დაკარგვა, თავის მოჭრა.
სახტად დარჩენა - განცვიფრება, გაოცება, გაკვირვება, გაშტერება.
სეირის ჩვენება - შავი დღის დაყრა.
სეირს აყურებინებს - სეირს უჩვენებს, შავ დღეს დააყრის.
სინსილის გაწყვეტა - განადგურება, გაწყვეტა, მუსრის გავლება.
სისხლი სწყურია - ვისიმე მოკვლა, სისხლის დაღვრა სურს.
სისხლი უდუღს - ძალ-ღონით სავსეა, ენერგიულია, მკვირცხლია.
სისხლის აღება - შურისძიება, მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდა, მკვლელის ან მისი ახლობლის მოკვლა.
სისხლის გამოწოვა - გაყვლეფა, ექსპლუატაციის გაწევა.
სისხლის გაშრობა - გამწარება, გატანჯვა, შეწუხება, გაწვალება, გულის გაწყალება.
სისხლის დალევა - შურისძიება, მოკვლა.
სისხლის თავში ავარდნა - გაბრაზება, აღშფოთება, გაშმაგება; შეშინება, შეძრწუნება.
სისხლის მოწოლა - განრისხება, გაბრაზება, სისხლის თავში ავარდნა.
სისხლის მსმელი - ჯალათი, მკვლელი.
სისხლის სმა - შურისძიება, მკვლელობის ჩადენა.
სისხლის ყელში მოწოლა - გაბრაზება, გაშმაგება, ბოღმის მოწოლა.
სისხლში ჩახშობა - დახოცვა, გაჟლეტა.
სისხლში ხელის გასვრა - მკვლელობის ჩადენა.
სისხლ-ხორცში გაჯდომა - შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა.
სიტყვა მოუჭრა - მოკლედ უთხრა, მოკლედ უპასუხა, სხარტი პასუხით შეაწყვეტინა ლაპარაკი.
სიტყვის ბანზე აგდება - საუბრის თემის განგებ შეცვლა (მისი მიფუჩეჩების მიზნით), სათანადო პასუხის გაცემის ნაცვლად საუბრის ეუცრად სხვა საგანზე დაწყება.
სიტყვის გატეხა - დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, პირობის დარღვევა, პირის გატეხა.
სიტყვის გაშრობა - ხმის ჩაწყვეტა, ლაპარაკის ვერ მოხერხება.
სიტყვის მიცემა - დაპირება, პირობის მიცემა.
სიტყვის პირზე შეშრობა/შეყინვა - უეცრად ხმის ჩაწყვეტა, ვერაფრის თქმა, სიტყვის გაშრობა.
სიტყვის შებრუნება - შეპასუხება, შეკამათება.
სიტყვის შენახვა - დაპირების შესრულება, პირის გაუტეხლობა.
სიტყვის ჩამოგდება (ვინმეზე, რამეზე) - ლაპარაკის დაწყება (ვინმეზე, რამეზე), ხსენება (ვისიმე, რისამე).
სიტყვის ჩამორთმევა - ვისთვისმე საუბრის შეწყვეტინება და თვითონ განგრძობა (ჩვეულებრივ, იმავე თემაზე); პირობის ჩამორთმევა.
სიქის გაცლა - ძალიან დაღლა, დაქანცვა.
სიცოცხლის მოსწრაფება - სიკვდილისათვის ხელის შეწყობა, სიკვდილის მოახლოება.
სოროში შეძრომა - დამალვა, მიმალვა.
სული განუტევა - მოკვდა, გარდაიცვალა.
სული და გული (ვისიმე/რისამე) - სულის ჩამდგმელი, ორგანიზატორი (რისამე), ყურადღების ცენტრში მყოფი; საყვარელი, ძვირფასი; საფუძველი, არსი (რისამე).
სული კბილით უჭირავს - ძლივს ითმენს, ძლივს იკავებს თავს; ცუდ დღეშია, სიკვდილის პირზეა მისული.
სული მისდის - ძალიან სურს, ძალიან უნდა; ვერ ითმენს, მოთმინების ფიალა ევსება.
სული უდგია - ცოცხალია, არსებობს, პირში სული უდგია.
სული უკაწკაწებს - ძალიან სურს, ძალიან უნდა, სული მისდის (რამეზე).
სულით დაცემა - სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, მხნეობის დაკარგვა, გულის გატეხა; ზნეობრივად დაცემა.
სულის ამოთქმა - იხ. სულის მოთქმა.
სულის ამორთმევა / სულის ამოძრობა - გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სიკვდილის პირამდე მიყვანა.
სულის ამოხდა - მოკვლა, გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სიკვდილის პირამდე მიყვანა.
სულის ამღვრევა - აფორიაქება, ხასიათის გაფუჭება, გულის მოსვლა.
სულის განაბვა - სუნთქვის შეკვრა და გაჩუმება, განაბვა, დადუმება, გატვრენა.
სულის გაფრთხობა - სიკვდილი, სულის ამოხდომა.
სულის დალევა - სიკვდილი, სულის ამოხდომა.
სულის დამძიმება - სათაკილო რისამე ჩადენა, შეცოდება.
სულის მიბარება - სიკვდილი, სულის დალევა.
სულის მობრუნება - შესვენება, სულის მოთქმა; მოსულიერება; მომჯობინება (ავადმყოფისა, დასუსტებულისა).
სულის მოთქმა - შესვენება; ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
სულის სიღრმეში ჩაწვდომა - გულის ნადების გაგება და მისი მოწონება.
სულის ყელში მობჯენა - გაბრაზება, გაჯავრება, სულის შეხუთვა (ბრაზისაგან, ჯავრისაგან), გულზე ცეცხლის მოკიდება.
სულის შთაბერვა - გასულდგმულება, სიცოცხლისუნარიანობის მინიჭება, სულის ჩადგმა.
სულის წასვლა - მოუთმენლად, თავშეუკავებლად მოქცევა, სულწასულობა.
სულმა წასძლია - მოთმინება ვერ ეყო, ვერ მოითმინა, რისამე სურვილმა სძლია.
სულს ებრძვის - კვდება, სიკვდილს ებრძვის.
სულს უხუთავს - ავიწროვებს, გასაქანს არ აძლევს, აწვალებს, ტანჯავს.
სულს ღაფავს - კვდება, სულთმობრძავია, უკანასკნელ დღეშია; თავისი დრო მოჭამა, ასპარეზიდან მიდის.
სულში ჩაძვრენა - მოალერსება; სიყვარული, პატივისცემა.
სქელი ჯიბე აქვს - მდიდარია, ბევრი ფული აქვს.
სხვა გზა არა აქვს - მეტი საშუალება, მეტი გამოსავალი არა აქვს.
სხვისი ხელით ნარის გლეჯა - სხვისი ხელით ძნელი ან სახიფათო საქმის კეთება.
ტ
ტალახში ამოსვრა - შერცხვენა, სახელის გატეხა, ლაფში ამოსვრა.
ტანში ჟრუანტელის დავლა - გაჟრჟოლება (რაიმე განცდის გამო).
ტაშს უკრავს - იწონებს, აღტაცებით ხვდება.
ტვინი აქვს ნაღრძობი - უკუღმართი, არანომარლურია, ახირებულია.
ტვინის ადუღება - გაბრაზება, აღელვება, აღშფოთება, მოთმინებიდან გამოყვანა.
ტვინის არევა - შეწუხება; შეშლა, გადარევა.
ტვინის გამოლაყება - გამოტვინება, გამოშტერება, გონების დაჩლუნგება.
ტვინის წაღება - შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება.
ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია - ძალიან პატარაა (ასაკით), ბავშვია, გამოუცდელია, გუშინდელი ღლაპია.
ტუჩ(ებ)ის აბზუება - არაფრად ჩაგდება, უკადრისობის გამოხატვა, დაწუნება.
ტყავიდან ძვრება - ყოველ ღონეს ხმარობს, შესაძლებლობას არ ზოგავს.
ტყავის გაძრობა - მკაცრად მოპყრობა, დატუქსვა, შავი დღის დაყრა; დაჩაგვრა, გაყვლეფა, მძიმე პირობებში ჩაყენება; ცემა; ძალიან ძვირად მიყიდვა.
ტყემალზე ზის - არაფერი გაეგება, არაფერი იცის (რისამე შესახებ).
უ
უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული - უბედო, ბედუკუღმართი, შავ დღეზე გაჩენილი.
უკან დახევა - განზრახვაზე ხელის აღება.
უკანასკნელ სისხლის წვეთამდე - სანამ ცოცხალია, სიკვდილამდე, ვიდრე ძალ-ღონე შესწევს.
უკუღმა დაბადებული - უკუღმართი, უხეირო, უხამსი, ბოროტი.
უფალმა მიიღო - გარდაიცვალა, მიაბარა სული უფალს.
უფსკრულის პირას დგომა - საფრთხეში, განსაცდელში ყოფნა, დაღუპვის მოლოდინში ყოფნა.
უფსკრულისაკენ მიექანება - დაღუპვის გზაზე მიდის, ხიფათი მოელის.
უღლის გადაგდება (კისრიდან) - ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან განთავისუფლება, თავისუფლების მოპოვება.
უღლის დადგმა (კისერზე) - დამონება, ჩაგვრა, დამორჩილება.
უყარე კაკალი - რამდენიც უნდა ეცადო, ვერას გახდები, მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებ, გვიანღა იქნება.
ფ
ფარდებს უკან - შეუმჩნეველ, არდასანახავ ადგილას, მალულად, ფარულად.
ფარდის ახდა - გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება, დღის სინათლეზე გამოტანა.
ფარ-ხმალის დაყრა - დამორჩილება, დანებება, წინააღმდეგობის შეწყვეტა.
ფაფრის აშლა - განრისხება, განმძვინვარება.
ფესვების გადგმა - განმტკიცება, გამაგრება, დამკვიდრება; გავრცელება.
ფეხებზე ჰკიდია (ვინმე, რამე) - არ ენაღვლება, არ აწუხებს; არაფრად აგდებს (ვინმეს, რამეს).
ფეხები უკან რჩება - მისვლა ეზარება, სადმე წასვლა უჭირს, უმძიმს.
ფეხების გაფშეკა / ფეხების გაჭიმვა - სიკვდილი, სულის დალევა.
ფეხებში ებლანდება - აფერებს, ხელს უშლის, ეჩხირება.
ფეხზე დადგომა - მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება, განვითარება, ფეხის მოკიდება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება.
ფეხზე დაყენება - მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება, ამოძრავება, გამოცოცხლება.
ფეხზე წამოდგომა - მომაგრება, მოღონიერება.
ფეხი წაიტეხა - მარცხი მოუვიდა; წავიდა.
ფეხის ადგმა - სიარულის დაწყება, სიარულის სწავლა; ჩასახვა, მოქმედების დაწყება.
ფეხის ათრევა - განგებ დაგვიანება (რაიმე საქმიანობაში), განგებ ნელა მოქმედება.
ფეხის ამოკვეთა (საიდანმე) - სამუდამოდ წასვლა (საიდანმე); მოშორება, გაცლა, (სადმე) სიარულის, მისვლის შეწყვეტა.
ფეხის ამოკვეთინება - გაძევება, (სადმე) მისვლის აკრძალვა.
ფეხის გადაბრუნება - მარცხის, ხიფათის შემთხვევა.
ფეხის გადგმა - განმტკიცება, დამკვიდრება; გავრცელება, ფეხის მოკიდება.
ფეხის მოკიდება - დამკვიდრება, მომაგრება, განმტკიცება, გავრცელება, ფეხის გადგმა.
ფეხის მომაგრება - განმტკიცება, გაძლიერება; გაფართოება, გავრცელება, დამკვიდრება.
ფეხის ხმას აჰყვა - დაუკვირვებლად, ანგარიშმიუცემლად წაბაძა, აჰყვა (ვინმეს), (ვისიმე) ქცევის მიხედვით იმოქმედა.
ფეხქვეშ გაგება - მლიქვნელობა, ლაქუცი; დამორჩილება, მონურად ქედის მოხრა.
ფიანდაზად დაგება - ვისიმე ყოველგვარი სურვილის უსიტყვოდ შესრულება, მონურად დამორჩილება, ფეხქვეშ გაგება.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - შენი თავისმართლებისა მინდა დავიჯერო, მაგრამ ფაქტები სხვას ამტკიცებს. (მომდინარეობს იგავ-არაკიდან „მამლის ქურდი").
ფონს გასვლა - დაბრკოლების გადალახვა, საქმის მოგვარება, გადარჩენა, მიზნის მიღწევა.
ფრთების გამოსხმა - აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გაძლიერება.
ფრთების გაშლა - გაძლიერება, გაფართოება, შეუზღუდავი მოქმედების დაწყება, გალაღება.
ფრთების შეკვეცა - შემცირება, შეზღუდვა, შეწყვეტა, ბოლოს მოღება.
ფრთების შესხმა - აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გამხნევება, წახალისება; გაძლიერება, გაზრდა.
ფხის გამოჩენა - მარჯვედ, ყოჩაღად, მოხერხებულად მოქცევა.
ქ
ქადაგად დავარდნა / ქადაგად დაცემა - უაზრო ლაპარაკი, ბოდვა. ქადაგი ერქვა წარმართული ღვთაების მსახურს, რომელსაც თითქოს შეეძლო ღვთაებასთან ურთიერთობის დამყარება.
ქანცის გამოლევა - დასუსტება, ძალ-ღონის გამოცლა, არაქათის გამოლევა.
ქანცის გაწყვეტა - იხ. ილაჯის გაწყვეტა.
ქედის მოდრეკა / ქედის მოხრა - დამორჩილება, წინააღმდეგობის შეწყვეტა.
ქერის ორმოში ჩავრდნა - მდიდარ, უხვ, დოვლათიან, სარფიან ადგილას მოხვედრა.
ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - დაიჟინა რამე, გაჯიუტდა, გაკეპრდა, უარზე დადგა.
ქვა ქვაზე არ დატოვა - გაანადგურა, მოსპო, დაანგრია, ნაცარტუტად აქცია, მიწასთან გაასწორა.
ქვას გახეთქს - ყველაფერს შეძლებს, ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს, წინ ვერაფერი დაუდგება.
ქვასაც კი წყალს გამოადენს - ყველაფერს მოახერხებს, შეუძლებელს შეძლებს, ნემსის ყუნწში გაძვრება.
ქვეყნის თვალი - ძალიან კარგი, ყველას მოსაწონი და სათაყვანებელი, ლამაზი, მშვენიერი.
ქვის გული აქვს - შეუბრალებელია, ულმობელია, გულქვაა.
ქოქოლის დაყრა - დაწყევლა, გაკიცხვა (ხელების სავსავით).
ქუდი ჭერსა ჰკრა - მხიარულობდა, სიხარული, აღფრთოვანება გამოხატა.
ქუდი ხურავს - ვაჟკაცური თვისებებით არის შემკული, მხნე და გაბედულია, უშიშარია; სინდისიერია.
ღ
ღვთის ანაბარა(დ) - უპატრონოდ, ზრინვა-პატრონობის გარეშე.
ღვთის გარეგანი - დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი, უწყალო, ღვთის პირიდან გავარდნილი.
ღვთის გულისათვის - იხმარება თხოვნის გამოსახატავად, ნიშნავს დაახლოებით: თუ კაცი ხარ, თუ ძმა ხარ, თუ ღმერთი გწამს.
ღვთის პირიდან გავარდნილი - დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი.
ღვთის წინაშე - სიმართლე რომ ვთქვათ, ტყუილი რომ არა ვთქვათ; ნამდვილად.
ღმერთს შეხედე - გონივრულად, კანონიერად, ადამიანურად მოიქეცი.
ღობე-ყორეს მოდება - უთავბოლოდ, უგზოუკვლოდ, უაზროდ მოქმედება ან ლაპარაკი.
ყ
ყავლის გასვლა - ვადის გასვლა; მოძველება, ფასის დაკარგვა. არაბულად კავლ ნიშნავს პირობას.
ყალყზე შედგომა - უცებ აღელვება, აბობოქრება.
ყბაში ჩავარდნა - მუდმივი ლაპარაკის, ჭორაობის, გაკილვის საგნად გახდომა.
ყელზე დაადგება - ვითომდა ავნებს, აწყენს, ზედმეტი იქნება მისთვის.
ყელის გაშრობა - მოწყურება.
ყელს უწევს - ეხვეწება, ევედრება.
ყელში ამოუვიდა - მობეზრდა, მოყირჭდა.
ყვავი ჩხიკვის მამიდა - ვითომდა ნათესავი, ძალიან შორეული ნათესავი.
ყირამალა დაყენება - განადგურება, მიწასთან გასწორება.
ყურად იღო - ყურადღება მიაქცია, შეისმინა, ანგარიში გაუწია.
ყურებზე ხახვი არ დააჭრას! - ვერაფერს უზამს, ვერაფრს დააკლებს, ვერაფერს ავნებს.
ყურებიდან ბამბს გამოღება - შეგნება, გაგება, საქმეში გარკვევა; ფხიზლად მოქცევა, სიფრთხილის გამოჩენა.
ყურების აცქვეტა / ყურების დაცქვეტა - ყურადღების გამახვილება, სმენად გადაქცევა.
ყურების გამობერტყვა - ფხიზლად, ყურადღებით მოქცევა; მიხვედრა, შეგნება, გაგება.
ყურების ჩამოყრა - დასევდიანება, მოწყენა; ქედის მოხრა.
ყურების წაღება - ბევრი ლაპარაკით, ყბედობით თავის მობეზრება.
ყურებში თითის დაცობა - წაყრუება, სიფხიზლის მოდუნება.
ყურთასმენის წაღება - იხ. ყურების წაღება.
ყური არ ათხოვა - ყურადღება არ მიაქცია, ანგარიში არ გაუწია, არ მოუსმინა.
ყურით მოთრეული - მოჭორილი, მოგონილი, ნაძალადევი.
ყურის დაგდება - მოსმენა, ყურის მიპყრობა; ყურადღების მიქცევა.
ყურის თხოვება - მოსმენა, ყურის დაგდება, ყურადღების მიქცევა.
ყურის მოკვრა - გაგონება.
ყური(ც) არ გააპარტყუნა - ყურადღება არ მიაქცია, არაფრად ჩააგდო, აინუშიც არ ჩაიგდო.
ყურმოჭრილი მონა - ვისიმე მონა-მორჩილი, ნება-სურვილის უსიტყვოდ შემსრულებელი. (ძველად, მონებს ყურს აჭრიდნენ, რაც ყურმოჭრილს აიძულებდა ყოფილიყო მორჩილი და ერთგული).
ყურსაც არ იბერტყავს - ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს; თავს არ იწუხებს.
ყურში ჩაწვეთება - ჩუმად, შემპარავად ჩასმენა, ჩაგონება (რისამე).
შ
შავ დღეზე გაჩენილი - უბედური, ბედუკუღმართი, უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული.
შავი დღე - უბედურების, გაჭირვების დრო.
შავი დღის დაყენება / შავი დღის დაყრა - გამწარება, ცუდ დღეში ჩაგდება; დატუქსვა, გაწყრომა.
შავი კატის გარბენა (ვისიმე შუა) - ურთიერთობის გაფუჭება, უთანხმოების ჩამოვარდნა (ვინმეს შორის), გადაკიდება. იდიომი მომდინარეობს ცრუ რწმენიდან, თითქოს კატის მიერ წინიდან გზის გადაჭრა უბედურების, უსიამოვნების მომასწავებელია.
შარავანდედით შემოსვა - განდიდება, დიდებით შემოსვა.
შენი ხმალი და ჩემი კისერი! - რაც გსურდეს, ის მიყავი, ყველაფრის უფლებას გაძლევ; მზად ვარ გემსახურო.
შენს პირს შაქარი! - გაიხარე! იცოცხლე! ნეტა მართლა ასე იყოს, როგორც თქვი! (ეტყვიან კარგი ამბის მთქმელს).
შვიდი პარასკევი აქვს დღეში - ცვალებადი ხასიათი აქვს, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, გადაწყვეტილებას ხშირად იცვლის.
შორს დაიჭირა - არ დაეთანხმა, ცივი უარი უთხრა, არ მიიღო, ახლოს არ გაიკარა.
შორს წასვლა - წარმატების მიღწევა, დაწინაურება.
შუბლის გახსნა - გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა.
შუბლის შეკვრა - მოღუშვა, გაბრაზება, განრისხება.
შური იძია - სამაგიერო გადაუხადა, ჯავრი ამოიყარა.
შუქის მოფენა - გარკვევა, ნათელყოფა, გაშუქება, ცხადყოფა, ნათელის მოფენა.
შხამად ამოადენს - წაამწარებს, არ შეარგებს, არ შეარჩენს.
შხამის (გადმო)ნთხევა - ღვარძლიანად, გესლიანად ლაპარაკი, მწარე სიტყვების თქმა.
ჩ
ჩაილურის წყალი დალია - უკვალოდ გაქრა, უქმად ჩაიარა, დავიწყებას მიეცა.
ჩირქის მოცხება - შერცხვენა, სახელის გატეხა; შეურაცხყოფის მიყენება, ცილის დაწამება.
ჩიხში მომწყვდევა - გამოუვალ მდგომარეობაში მოქცევა.
ჩრდილის მიდგომა - მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, დაჩრდილვა, გაუფასურება.
ჩრდილის მიყენება - მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, ფასის დაკარგვინება, დაჩრდილვა, გაუფასურება.
ც
ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალქმნად - არავის და არაფერს არ უწევს ანგარიშს, თავისუფლად, უდარდელად, მოურიდებლად იქცევა, ზვიარია, არაფერი არ ადარდებს.
ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტა - მიუწვდომლის მიწვდომა, შეუძლებლის შეძლება.
ცალი ფეხი სამარეში უდგას - სიკვდილის პირზეა მისული, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ჩვეულებრივ, მოხუცზე იტყვიან).
ცალი ყბით - უგულოდ, ყასიდად.
ცამ ჩაყლაპა - ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა, მიწამ ჩაყლაპა.
ცამდე აყვანა - ხოტბის შესხმა, ქება-დიდებით მოხსენიება, გადაჭარბებული ქება.
ცარიელზე დარჩენა - ყველაფრის დაკარგვა, არაფრის შერჩენა, გაღარიბება, გაღატაკება, მშრალზე დარჩენა.
ცარიელზე დასმა - ყველაფრის წართმევა, არაფრის შერჩენა, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება.
ცას ეწევა (სიხარულით) - ძალიან უხარია, აღფრთოვანებულია.
ცეცხლზე ნავთის დასხმა - გამწვავებული მდგომარეობის ან ურთიერთდამოკიდებულების კიდევ უფრო გამწვავება (რისამე საშუალებით).
ცეცხლთან თამაში - თავის თავისთვის სახიფათო მოქმედება; თავის ხიფათში ჩაგდება.
ცეცხლი უკიდია - ძალიან ძვირია.
ცეცხლის მოკიდება - გაჯავრება, გაბრაზება, აღელვება; შეწუხება, გამწარება.
ცეცხლს აკვესებს თვალებიდან - იხ. პირიდან ცეცხლს ყრის.
ცეცხლს აფრქვევს - ბრაზობს, გაცეცხლებულია, გაშმაგებულია, გააფთრებულია.
ცეცხლში ჩაგდება - განსაცდელში, სახიფათო მდგომარეობაში ჩაყენება, გაწამება, ცუდ დღეში ჩაგდება.
ცეცხლში ჩავარდნა - განსაცდელში, ცუდ დღეში ჩავარდნა, წამება.
ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი - ძალიან ლამაზე, მშვენიერი (უმთავრესად - ქალი).
ცივ ნიავს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა, დილის სიოს არ აკარებს.
ცივ ქვაზე დაასახლებს - სიღარიბიდან გამოიყვანს, გაამდიდრებს (მარჯვე და მუყაითი შრომით).
ცივი წყლის გადასხმა - გაწბილება, იმედის გაცრუება.
ცივმა ოფლმა დაასხა - შეშინდა, შეძრწუნდა.
ცილის დაწამება - ტყუილის მოგონება, განზრახ დაბრალება (რაიმე ცუდის, ბოროტების).
ცოდვის კითხვა - უბედურება, საშინელება; ვითომც სასჯელი ჩადენილ ცოდვათათვის.
ცოტა არ იყოს - თითქმის, კინაღამ; საკმაოდ.
ცოფებს ყრის (პირიდან) - გაანჩხლებულია, განრისხებულია, გააფთრებულია.
ცოცხლად დამარხვა - საქვეყნოდ შერცხვენა, თავის მოჭრა, მორალურად განადგურება.
ცოცხლად მკვდარი - უნიათო, უძლური. უილაჯი, დავრდომილი; უუნარო, უგერგილი, მოუხერხებელი.
ცუდ თვალზე დაინახა / ცუდი თვალით უყურებს / ცუდ თვალზე შეხედა - მტრულად ექცევა, სძულს.
ცხელ გულზე - რაიმე გრძნობის ან აფექტის დროს (აღელვების, განრისხების, აღტაცების, ნდომის...).
ცხვირიდან ძმარი ადინა - გაამწარა, შავი დღე აყარა; სცემა.
ცხვირის აწევა - უკადრისობა, ამპარტავნობა, მედიდურობა, კუდაბზიკობა.
ცხვირის ჩამოშვება - მოწყენა, დაღონება, მოღუშვა.
ცხრა ენა გამოიბა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო.
ცხრა თოკში გამძვრალი - გაქნილი, ცბიერი, ეშმაკი, მოხერხებული.
ცხრა მთას იქით - ძალიან შორს.
ძ
ძარღვების აშლა - იხ. ნერვების აშლა.
ძაფზე ჰკიდია - საფრთხეშია, განსაცდელშია, ბეწვზე ჰკიდია.
ძაღლად(აც) არ ჩააგდო - არაფრად ჩააგდო, დაამცირა, აბუჩად აიგდო.
ძაღლი გარეთ არ გაიგდება - ძალიან სიცივეა, ცუდი ამინდია.
ძაღლი პატრონს ვერა სცნობს - არეულობაა, უწესრიგობაა, უთავბოლობაა.
ძაღლის ფეხის გამობმა - ბევრი სიარული, წანწალი.
ძაღლის ყბის გამობმა - გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა.
ძე ხორციელი - ადამიანი, ადამიანის შვილი; ვინმე.
ძვალ-რბილში გაჯდომა - შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა.
ძირიანად მოთხრა / ძირფესვიანად მოთხრა - მოსპობა, განადგურება.
ძირის გამოთხრა - საფუძვლის გამოცლა, აღმოფხვრა, მოსპობა, განადგურება.
წ
წამწამზე უზის - სულ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას.
წარბის გახსნა - გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა, შუბლის გახსნა.
წარბის შეკვრა - მოღუშვა, გაბრაზება, შუბლის შეკვრა.
წარბი(ც) არ შეიხარა - არ შეშინდა, არ შედრკა; არაფრად ჩააგდო (განსაცდელი, მძიმე საქმე).
წელებზე ფეხს იდგამს - თავგამოდებით შრომობს, მძიმე ჯაფაშია.
წელის მომაგრება - იხ. წელის გამართვა.
წელის მოწყვეტა - დაქანცვა, ილაჯის გაწყვეტა, ძალის გამოლევა; შეშინება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა.
წელში გამართვა - მოღონიერება, გაძლიერება, განმტკიცება, ძალის მომატება.
წელში გატეხა - ძლიერ დასუსტება, დაუძლურება, ძალ-ღონის გამოცლა, წელში გაწყვეტა.
წელში გაწყვეტა - იხ. წელში გატეხა.
წერას აუტანია - ისე იქცევა, რომ შეიძლება დაიღუპოს, ცუდი რამე შეემთხვას.
წერილი წაიღო - მოკვდა, გამოესალმა წუთისოფელს.
წერტილის დასმა - (თხრობის, ამბის...) გათავება, შეწყვეტა.
წვეთი ზღვაში - სულ ცოტა, სულ მცირე (რამესთან შედარებით).
წითელ კვერცხს უგორებს - ელოლიავება, ცდილობს ასიამოვნოს, ყველაფერში უთმობს, მისი გულის მოგებას ცდილობს.
წითელი კოჭი - ვითომც ყველაზე უკეთესი, განსაკუთრებული, გამორჩეული.
წინ აღუდგა - წინააღმდეგობა გაუწია
წინ დადგომა - წინააღმდეგობის გაწევა, გზაზე გადაღობვა; ჯობნა.
წინ წაწევა - დაწინაურება, წარმატების მიღწევა, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა.
წისქვილის ქვის დატრიალება თავზე - ბევრი გაჭირვების, ტანჯვა-წვალების გამოვლა.
წიხლის დაჭერა - დაჩაგვრა, შევიწროება, გაქელვა.
წმინდა წყლის - წესიერი, სინდისიერი, პატიოსანი; ნამდვილი, აშკარა.
წრეს გადასვლა - გადაჭრბება, ზომიერების ფარგლებიდან გამოსვლა, საზღვარს გადასვლა.
წრეს გადასული - გადაჭარბებული, საზღვარს გადასული.
წუთისოფლის გამოსალმება - მოკვლა, სიკვდილი, სიცოცხლის გამოსალმება.
წყალი არ გაუვა - უდავოა, უეჭველია, ნამდვილია.
წყალი შეუდგა - სიმტკიცე მოაკლდა, საფუძველი შეერყა.
წყალს ასხამს (ვისიმე) წისქვილზე - ეხმარება (ვისმე), (ვისიმე) სასარგებლოდ მოქმედებს.
წყალში გადაყრა - უსარგებლოდ დაკარგვა, დაღუპვა; არდაფასება (ამაგისა, სიკეთისა...).
წყლიდან მშრალი (გ)ამოსვლა - თავის გამართლება, თავის მოხერხებულად დაძვრენა (გაჭირვებიდან, ჩადენილი დანაშაულიდან).
წყლის ამღვრევა - განზრახ შფოთის, არეულობის გამოწვევა, მდგომარეობის გამწვავება.
წყლის ნაყვა - უსარგებლო რისამე კეთება, უაზრო, ფუჭი შრომა.
ჭ
ჭირი მო(გვ)ჭამა - დაიღუპა, მოკვდა, გაქრა, აღარ არსებობს, თქვენი ჭირი წაიღო.
ჭკუაში დაჯდომა / ჭკუაში მოსვლა - მოწონება, დასაშვებად მიჩნევა.
ჭკუის კოლოფი - ჭკვიანი ადამიანი; უჭკუო, სულელი.
ჭკუის წაგება - უჭკუოდ, უგუნურად მოქცევა.
ჭურში ჯდომა - ჩამორჩენილობა, უვიცობა, უმეცრება, კარჩაკეტილობა.
ხ
ხაზის გადასმა - უარყოფა, დავიწყება, კავშირის გაწყვეტა (ვინმესთან, რამესთან).
ხაზის გასმა - განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ყურადღების გამახვილება, გახაზვა.
ხარკს უხდის - გავლენით მოქმედებს ან აკეთებს რამეს, ანგარიშს უწევს ვინმეს, რამეს.
ხაფანგის დაგება - საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა.
ხახამშრალი დატოვება - მოტყუება, გაწბილებული, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება, ცარიელზე დასმა.
ხელები ექავება - საქმის გაკეთების სურვილი აქვს; ვისიმე ცემა სურს.
ხელებში უყურებს - სარგებელს, გამორჩენას, სარფას მოელის (ვინმესგან).
ხელზე დახვევა (რისამე) - რისამე ამოჩემება და საბაბად, საბუთად გამოყენება, თითზე დახვევა.
ხელზე დახვევა (ვისამე) - დამორჩილება, თავისი ნების შემსრულებლად გახდა (ვისიმე).
ხელთ იგდო - მოიპოვა, შეიპყრო, დაეუფლა, დაისაკუთრა, დაიპყრო, იხელთა, ხელში ჩაიგდო.
ხელი არა აქვს (ვინმესთან, რამესთან) - უფლება არა აქვს, არაფერის ესაქმება (ვინმესთან, რამესთან), არ ეკუთვნის (ვინმე, რამე). იხ. რა ხელი აქვს.
ხელი გამოჰკრა - იშოვა, შეიძინა.
ხელი მიჰყო - დაიწყო, ხელი მოჰკიდა.
ხელი ხელს მისცეს - შეკავშირდნენ, ერთმანეთის დახმარება, მხარის დაჭერა გადაწყვიტეს.
ხელიდან გამოცლა (ვისიმე, რისამე) - წართმევა, დაკარგვა, დაღუპვა (ვისიმე, რისამე).
ხელიდან წასვლა - დაღუპვა, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნა; გაფუჭება, გადაგვარება, ზნეობრივად დაცემა, სწორი გზიდან გადაცდენა.
ხელიდან წასული - გაფუჭებული, გადაგვარებული, ზნეობრივად დაცემული, სწორდი გზიდან აცდენილი.
ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე) - მიტოვება, თავის დანებება.
ხელის გამართვა - დახმარების გაწევა, შეწევნა, ხელის შეწყობა, ხელის მომართვა.
ხელის გაწოდება - დახმარების გაწევა, შველა.
ხელის განძრევა - შრომა, გარჯა, საქმიანობა.
ხელის გასვრა - არასაკადრისი, შეუფერებელი მოქმედება, უღირსი საქმის ჩადენა.
ხელის გულზე დასმა /ხელის გულზე ტარება - დიდ პატიში, ფუფუნებაში ყოლა (ვისიმე), დიდად პატივისცემა; მზრუნველობა, მოვლა.
ხელის დაბანა - პასუხისმგებლობის მოხსნა თავიდან; საქმეში არ ჩარევა, განზე გადგომა.
ხელის დადება - დაბრალება (რაიმე დანაშაულისა), დამნაშავედ გამოცხადება.
ხელის დამშვენება - ფასეული საჩუქრის მირთმევა.
ხელის დაფარება - ვისიმე დანაშაულის დამალვა, მიჩქმალვა, დანაშაულის დაფარვაში დახმარება, დაცვა.
ხელის მიცემა - შეკავშირება, პირობის შეკვრა ვინმესთან.
ხელის მოთბობა - სარგებლის, სარფის მიღება (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით).
ხელის მოკიდება - რისამე გაკეთების დაწყება, საქმის შედგომა, წამოწყება; მისაკუთება, დაუფლება.
ხელის მოკლება - შესუსტება, მოკლება (ზრუნვისა, ყურადღებისა).
ხელის მომართვა - დახმარების გაწევა, შეწევნა, ხელის შეწყობა, ხელის გამართვა.
ხელის მონაცვლება - დახმარების მიღება, უცებ ფულის შოვნა სესხად.
ხელის მოცარვა - დაბრკოლება, ხელის შეშლა, იმედგაცრუებული დარჩენა.
ხელის შეშვება - მიტოვება, თავის მინებება, ხელის აღება.
ხელის შეშლა - შეფერხება, დაბრკოლება.
ხელის შწყობა - დახმარების გაწევა, შეწევნა, შველა, ხელის გამართვა.
ხელის ჩაქნევა - იმედის დაკარგვა, გულის გატეხა, ყველაფერზე ხელის აღება.
ხელს არ აძლევს - ხელსაყრელი, სასარგებლო არ არის მისთვის.
ხელსა და ხელს შუა - იხ. თვალსა და ხელს შუა.
ხელ-ფეხის გახსნა - თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემა.
ხელ-ფეხის შეკვრა - შეზღუდვა, დაბრკოლების შექმნა, შებოჭვა, შევიწროება.
ხელში დაჭერა - თავის განკარგულებაში, თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, დამორჩილება, დაპყრობა.
ხელში შეიკლა - გააწამა, გატანჯა, გული გაუწყალა.
ხელში ჩაგდება - მისაკუთრება, დაპყრობა, დაუფლება, შოვნა.
ხელში ჩავარდნა - ვისამე საკუთრებაში გადასვლა, (ვისიმე) საკუთრებად ან ტყვედ გახდომა.
ხმა აქვს გავარდნილი - სახელი აქვს განთქმული, ცნობილია, სახელმოხვეჭილია.
ხმის გავარდნა - რაიმე ამბის გავრცელება, ხმის დარხევა.
ხმის დაგდება / ხმის დარხევა / ხმის დაყრა- რაიმე ამბის გავრცელება, ხმის დარხევა.
ხორცის შესხმა - სინამდვილედ ქცევა, განხორციელება, სრულყოფა.
ჯ
ჯანდაბამდის გზა ჰქონია - რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს! თავში ქვა იხალოს! (არაბულად ჯაჰან-ნამ ნიშნავს ჯოჯოხეთს, მოუსავლეთს, უბედურებას).
ჯანი გავარდეს - რაც უნდა, ის მოხდეს; ჯანდაბას, არ მენაღვლება.
ჯვარი ეწეროს - ცუდი აშოროს, ყოველგვარი უბედურება ასცდეს.
ჯვარს აცვა - გააწამა, გატანჯა, გააწვალა.
ჯიბე(ებ)ს ისქელებს - მდიდრდება, ბევრ ფულს შოულობს (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით).
ჯიბეში თაგვები უთამაშებენ - ფული არა აქვს, ღარიბია.
ჯიბეში ჩაისვამს - ყველაფერში აჯობებს, გაცილებით მეტი წონა და ავტორიტეტი აქვს.
ჯიბიდან გავარდნილი - გამოქექილი, მოხერხებული, გამოქნილი, ეშმაკი.
ჯორზე შეჯდომა - გაჯიუტება, გაკერპება, ვირზე შეჯდომა.
ჯოჯოხეთის მაშხალა - ძალიან უშნო, მახინჯი, ცუდი გარეგნობის ადამიანი.
ჰ
ჰა ბურთი და ჰა მოედანი - ვნახოთ, რასაც იზამ, რასაც გახდები; ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს.
ჰაერში დაკიდება / ჰაერში ჩამოკიდება- საფუძვლის გამოცლა, უნიადაგოდ, უსაფრძვლოდ დარჩენა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა.